20 ივნისთან დაკავშირებით პასუხის გაცემა მოუწევს ყველას და მათ შორის გახარიას - სამადაშვილი
გახარია პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა. ოპოზიცია ყოფილ პრემიერს აკრიტიკებს. გიორგი გახარიას უახლესი ინტერვიუ, პოლიტიკოსებს ღიად უტოვებს კითხვებს, ვინ გასცა გავრილოვის სისხლიან ღამეს, აქციის მონაწილეების დარბევის ბრძანება.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით პასუხის გაცემა მოუწევს ყველას და მათ შორის გახარიას.
ეს იყო სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ვიღაც გაურკვეველი კომუნისტი, რუსი პოლიტიკოსის გამო, მთავრობამ თავის მოქალაქეებს რეზინის ტყვიები დაუშინა და თვალები დათხარა, ამიტომ ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს ყველას და მათ შორის გახარიას. გახარია დღეს პოზიციონირებს, როგორც ოპოზიციონერი, მაგრამ ტოვებს პასუხგაუცემელს იმ მთავარ შეკითხვებს რაც მასთან არსებობს, თუ რა მოხდა 20 ივნისის ღამეს, ასევე, როგორ შესრულდა მისი პრემიერობის პირობებში რუსული დავალება ანაკლიის პორტის პროექტის განადგურების თაობაზე",- ამბობს სამადაშვილი.
20 ივნისის ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ მე! - ამ სიტყვებით ცდილობს გიორგი გახარია გავრილოვის სისხსლიანი ღამის ამბების გამართლებას. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საკუთარ იუთუბ არხზე გავრცელებულ უახლეს ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ქუჩაში გასული ხალხი პარლამენტში შევიდოდა, მაშინ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლებოდა. სახალხო პროტესტს რუსი დეპუტატის წინააღმდეგ გახარიამ ძალადობრივი შტურმი უწოდა. ყოფილი პემიერი ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, თუმცა ამ დრომდე არ ამბობს, ვინ გასცა ხალხის დარბევის ბრძანება და თუ ამ საქმის უკან ვინმე სხვაც დგას, მაშინ გამოდის, რომ გახარია დანაშაულის თანამონაწილეა.