ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს არანაირი ელექტორალური გავლენა არ ექნება - ბეჟაშვილი მელიას წასვლაზე
"ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც გუშინ ვიხილეთ - 9-თვიანი კამპანიის დაგვირგვინების ფონზე, არანაირი ელექტორალური გავლენა არ ექნება", - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აკეთებს და ნიკა მელიას მიერ ენმ-ს დატოვებას ეხმაურება.
ბეჟაშვილის შეფასებით, ნიკა მელიას და მისი გუნდის გასვლას შედეგი არ ექნება და ენმ არ დაზარალდება.
მთელი ამ 9 თვის განმავლობაში, მიმდინარეობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამალებული კამპანია და ლოგიკური შედეგით დამთავრდა. იმთავითვე ცნობილი იყო მათი სტრატეგია, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ პარტიისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ და შემდგომ გასულიყვნენ და ცალკე პარტია შეექმნათ, აქ საზოგადოებისთვის ახალი არაფერი არ არის - ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა პარტია. ასეთი ფაქტები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში რამდენიმე ეტაპად განხორციელებულა და არცერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ გამოუტანია. ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც გუშინ ვიხილეთ - 9-თვიანი კამპანიის დაგვირგვინების ფონზე, არანაირი ელექტორალური გავლენა არ ექნება,“ - ამბობს ბეჟაშვილი.