პრეზიდენტიც გვიერთდება, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის საქართველოს მოქალაქეების მარში, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ - გიგაური

08.12.23 13:18
პრეზიდენტიც გვიერთდება, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის საქართველოს მოქალაქეების მარში, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ - გიგაური

"შენი ხმა ევროკავშირს" - მსვლელობა ზუსტად 24 საათში დაიწყება. სახალხო მარშს შეუერთდება სალომე ზურაბშვილიც. პრეზიდენტი გეგმავს, გადამწყვეტ მომენტში ხალხის გვერდით იდგეს, რესპუბლიკის მოედანზე ელოდებიან ყველას, ასაკის, მრწამსის ან პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად.

ამ წუთებში იკერება ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა, რომელიც ხვალ ევროპის მოედანზე გაიშლება. სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიტანეს ასევე 12 ვარსკვლავი, რომელსაც დღის ბოლოს დაამაგრებენ ევროკავშირის დროშას.

მარშის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსვლელობაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ამით ევროკავშირს კიდევ ერთხელ დაანახებს ქართული საზოგადოება, რომ მათი სურვილი ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა.

თუ ჩვენს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და მიიღოს სტატუსი, ის უნდა მოვიდეს ამ მარშზე და, ფაქტობრივად, ყველამ ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ყველაფერში. რეკომენდაცია გვაქვს, გვჭირდება საბჭოს გადაწყვეტილება 15-ში და იქამდე, კიდევ ერთხელ ევროკავშირის ყველა ლიდერს უნდა გავაგებინოთ, სად დგას ქართული საზოგადოება.
კონკრეტული ოპოზიციური პარტიებიც გვიერთდებიან, საქართველოს პრეზიდენტიც გვიერთდება, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის საქართველოს მოქალაქეების მარში, ამიტომ ეს არ არის რომელიმე ერთი ჯგუფის ღონისძიება, ეს არის ყველასი, ამიტომ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იქ და ერთი გზავნილი გავაგზავნოთ ევროკავშირში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მსგავსი სიახლეები