ამოდენა დროშა იმიტომ გავაკეთეთ, რომ ჩვენ ასეთი დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოვხვდეთ ევროპაში - ბუღაძე
ამოდენა დროშა იმიტომ გავაკეთეთ, რომ ჩვენ ასეთი დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოვხვდეთ ევროპაში - მხატვარი გია ბუღაძე ერთ-ერთია იმ ძალიან ბევრი ადამიანიდან, რომელიც დღეს ევროპის მოედანზე იდგება და გააგონებს საკუთარ ხმას ევროპას.
ბუღაძეს მოსწონს, რომ 12 რეგიონიდან ჩამოვიდა დროშისთვის ვარსკვლავები, რომლებიც შეკერეს და ყველაზე მეტად ახარებს, რომ ერთ-ერთი გალის რაიონიდანაა.
რეკორდული სიდიდის დროშა გვაქვს. მართლა ძალიან სასიამოვნოა ამ ფაქტის აღნიშვნა. კიდევ ის მომწონს, რომ 12 რეგიონიდან ჩამოვიდა ეს ვარსკვლავები, რომლებიც შეკერეს და ერთ-ერთი არის გალის რაიონიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან. ესეც მესიჯია, ყველაფერი სიმბოლოებია და საერთოდ, სიმბოლოებით ვაზროვნებთ. ამოდენა დროშა იმიტომ გავაკეთეთ, რომ ჩვენ ასეთი დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოვხვდეთ ევროპაში და გვინდა, ევროპაში ვიყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დავიღუპებით ჩვენც და თქვენც", - აღნიშნა გია ბუღაძემ.
რამდენიმე წუთში თბილისის ცენტრი ევროპული მარშის ეპიცენტრად გადაიქცევა. რესპუბლიკის მოედნისკენ მსვლელობა უკვე დაწყებულია.
უკვე დაასრულეს ევროკავშირის გიგანტური დროშის აწყობაც. ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოტანილი ერთი ოქროსფერი ვარსკვლავით ლურჯ დროშაზე ერთიანობის წრე შეიკრა. ყველაზე არაპოლიტიკურ მსვლელობაში მონაწილეობისთვის, ქუჩაში რიგით მოქალაქეებთან ერთად გადიან ხელოვანები, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები და მსვლელობას უერთდება საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილიც.