ევროპა ის ადგილია, სადაც ადამიანების თავისუფალ აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს - მარშს საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა
"შენი ხმა ევროკავშირს" - მარშს საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპა ის ადგილია, სადაც ადამიანების თავისუფალ აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი განცხადებით, იმედია, ეს თავისუფალი აზრი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
„ამდენი ხალხი მოდის, ამდენმა ხმა თავისი ხმა მიაწვდინა ევროპას. ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა, მათ თავისუფალ აზრს ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თავისუფალი აზრი იქნება გათვალისწინებული, ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ზეიმს. შემდეგ მომზადებას შემდეგი წლისთვის, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება.
ევროკომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა. ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. მათგან ველოდები, რომ გაითვალისწინებენ ერთ მხრივ მიღებულ რეკომენდაციებს და ასევე ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული, ამ დონეზე.
ეს არის მშვიდობიანი მარში, მშვიდობიანი გამოხატულება ადამიანების აზრის და ნების, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ინიციატივით გამოიხატა. ბოლო ინიციატივაა, რომელსაც ყველა ვუერთდებით და გამოვთქვამთ იმ მთავარ მოწოდებას ევროკავშირისთვის რომ ჩვენ გვინდა ევროპა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მარშის დასასრულს გაიშლება ევროკავშირის გიგანტური დროშა, რომლის 12-ვარსკვლავი საქართველოს 12 სხვადასხვა ქალაქში სიმბოლურად შეიკერა.
მარშზე მყოფი ადამიანების განცხადებით, დღევანდელი მარში არის გზავნილი ევროპისადმი, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, შესაბამისად, ის აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.