ქართველი ხალხის ყოველდღიურ ბრძოლას დიდი მნიშვნელობა გააჩნია ევროპელი მეგობრებისთვის - ბადრი ჯაფარიძე
პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ევროპის მოედანზე არსებულ მსვლელობას შეუერთდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან" აცხადებს, რომ ქართველი ხალხის ყოველდღიურ ბრძოლასა და საკუთარი პოზიციის დამტკიცებას ევროპელი მეგობრებისთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია.
მისი თქმით, ის მოცემულობა, რომ მარშზე მმართველი პარტიის არც ერთი წარმომადგენელი არ იმყოფება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს "ქართული ოცნების" რუსულ პოლიტიკას.
ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად გადაწყვიტა ევროკომისიამ, რომ მიეცა რეკომენდაცია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ამიტომ ყოველდღიურ ბრძოლას, ყოველდღიურ ნების დამტკიცებას ჩვენი ევროპელი მეგობრებისათვის, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ ქვეყანა, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღესაც და შემდგომ ბრძოლასაც, რომ ქვეყანამ შეძლოს, სწრაფად გაიაროს ეს გზა, რაც მიგვიყვანს ევროკავშირის წევრობამდე.
ჩემი მოლოდინი და სურვილია, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი წელს, როდესაც ევროპული საბჭო შეიკრიბება. ეს არის ჩვენი სურვილი, მოლოდინი და მე ვფიქრობ, რომ ეს სურვილი იქნება გათვალისწინებული ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან. დანარჩენს დაველოდოთ. "ქართული ოცნების" ნების საწინააღმდეგოდ მოხდა ევროკომისიის რეკომენდაციის გაცემა, რადგან მათ მთელი ეს პერიოდი გამოიყენეს იმისთვის, რომ როგორმე ხელი შეეშალათ, აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველმა ხალხმა გააგრძელოს ეს ბრძოლა. ამიტომ "ქართული ოცნება" რომ დღეს არ არის აქ, ეს არ არის გასაკვირი, რადგან ეს არის მათი პოლიტიკის, მათი ხაზის გაგრძელება," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.