ხელფასები ბიძინა ივანიშვილისგან - რა სქემით იღებენ ფულს საჩუქრად ქართველი ოლიგარქის სახელით?
ხელფასები ბიძინა ივანიშვილისგან - რა სქემით იღებენ ფულს საჩუქრად ქართველი ოლიგარქის სახელით? - ბიძინა ივანიშვილის სიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოქმედი მოადგილე, იური ნოზაძე "შაბათის ეთერს" უდასტურებს ინფორმაციას, რომ კომპანია "ახალი სერვისი", რომელსაც ოლიგარქი ფლობს, ივანიშვილის სახელით იმ ხალხისთვის ფულადი ჯილდოების დასარიგებლად გამოიყენება, ვისაც ოლიგარქი სწყალობს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ერთადერთი საჯარო მოხელეა, რომელმაც დეკლარაციაში ასახა, რომ მისი ოჯახი ბიძინა ივანიშვილისგან საჩუქრად ფულს ყოველთვიურად იღებს. სხვა ჩინოვნიკების დეკლარაციის შესწავლის შემდეგ "შაბათის ეთერმა" ვერ მიაკვლია ვერც ერთ თანამდებობის პირს, რომელიც ივანიშვილისგან მიღებულ ფულს არ დამალავდა და დეკლარაციაში ჩაწერდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ მისი ოჯახი, ოლიგარქის ხელფასების სიაში მეუღლის გამო მოხვდა. იური ნოზაძის ცოლი, ლენა მამაცაშვილი, მინი ოლიგარქის, უჩა მამაცაშვილის და და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია. უჩა მამაცაშვილი ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, მის დას კი ივანიშვილისგან 1400 ლარიანი ხელფასის მიღების აუცილებლობა წესით არ უნდა ჰქონდეს.
- პრემიერი , მინისტრები, ძალოვნები და აქტიური დეპუტატები ქართული ოცნებიდან - ურიგებს თუ არა ივანიშვილი მათ ოფიციალური ხელფასის ზევიდან თანხას პოლიტიკური ერთგულებისთვის?
- არის თუ არა ივანიშვილის ფონდიდან დარიგებული ფული ჩინოვნიკების მოსყიდვა, რომ ოლიგარქის სამსახურში იდგენენ?
ამ ჟურნალისტური გამოძიებაში "შაბათის ეთერი" გიყვებათ იმ საეჭვო გარემოებებზე, რომელიც ივანიშვილის რჩეული ადამიანებისთვის ფულის დარიგების სქემაში გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს.
საიდან მოდის ეს ფული? თანხას ხალხის კეთილგანწყობის მისაღებად თავად ივანიშვილი ხარჯავს თუ, ეს არის რუსული ფული, რომელსაც ივანიშვილს აძლევენ რუსეთში, რომ საქართველოში დაარიგოს და ძალაუფლება შეინარჩუნოს?
კომპანია ახალი "სერვისი", ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლამდე ერთ წლით ადრე 2010 წლის 19 აგვისტოს დააფუძნა. "შაბათის ეთერის" გუნდმა აღმოაჩინა, რომ ფულის გასატარებლად შექმნილი კომპანია დღემდე მოქმედია და მისი საშუალებით თანხა ამ დრომდე რიგდება. ამ კომპანიის მფლობელი ოფშორში ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ფირმა "რინგოლდ ფინანს ლიმიტედია". პირველი კითხვა აქ ჩნდება, თუ კომპანია ქველმოქმედებას ეწევა და ფულს ყოველთვიურად საჩუქრად ქველმოქმედების მიზნით არიგებს, რატომ არ არის მისი საქმიანობა მოქცეული საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ფარგლებში? კომპანიას საიდანაც ივანიშვილი ფულს საჩუქრად გასცემს ოფშორში რეგისტრირებული მფლობელი ჰყავს, რაც აჩენს განცდას რომ რაღაცას მალავენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ კომპანია ახალი სერვისიდან, რომელსაც ოფშორული მფლობელი ჰყავს ფულს ბევრი იღებს, ანუ აქ გაფორმებული ხალხს ოლიგარქის ხელფასები ენიშნებათ. არიან თუ არა მათ შორის "ოცნების" ლიდერები, მინისტრები და მათი მოადგილეები? - ამ კითხვას იური ნოზაძე არ პასუხობს.
ქართული ოცნების ყოფილი წევრები ადასტურებენ, რომ ივანიშვილი მისი გუნდი წევრებს, თანამდებობის პირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ხელფასის გარდა, მის პირად ხელფასს აძლევდა. თანხა თვეში 5- დან 20 ათას დოლარამდე მერყეობდა. რაც უფრო მაღალი იყო თანამდებობა, მეტი იყო ფულიც.
ამასთან, მსახიობები, მომღერლები და მწერლები, ვინც ბიძინა ივანიშვილისგან ყოველთვიურად დახმარებას იღებს, გვეუბნებიან რომ თანხას მათ კომპანია "ახალი სერვისი" არ ურიცხავს. ფული ივანიშვილისგან კულტურის სამინისტროში მიდის და ანგარიშებზე წულუკიანის უწყება ანაწილებს.
ჩნდება კითხვა, მაშინ ვინ იღებს ფულს ოფშორში ჩამალული კომპანიისგან? ახალი სერვისი მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული "რინგლონდ ფინანს ლიმითედია", ამ კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში კი ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია.
ხელფასები ბიძინა ივანიშვილისგან - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი