ამ ბრძოლიდან გასვლა პოლიტიკურ დეზერტირობას ნიშნავს - ფარულავა ყოფილ თანაპარტიელებზე
ამ ბრძოლიდან გასვლა პოლიტიკურ დეზერტირობას ნიშნავს, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა პარტიიდან თბილისის ორგანიზაციის წევრების წასვლას. ოპოზიციის წევრი ყოფილ თანაპარტიელებს ურჩევს, სამიზნე გაასწორონ და ორიენტირი არა ენმ-ს ახალ მენეჯმენტზე, არამედ ბიძინა ივანიშვილზე აიღონ.
ამასთან, ფარულავა ამბობს, რომ პარტიის ელექტორალურ მდგრადობას მიხეილ სააკაშვილის გასაზღვრავს.
"ნაციონალური მოძრაობის" ელექტორალურ მდგრადობას გასაზღვრავს მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა. მიხეილ სააკაშვილი იყო წარმატებული პოლიტიკოსი როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაში და ხელისუფლება გადააბარა მშვიდობიანად და კვლავ არის წარმატებული პოლიტიკოსი. სწორედ ამას ვერ ეგუება ბიძინა ივანიშვილი და კრემლი, სწორედ იმიტომ არის ის პოლიტიკური ტყვე და ცხადია, ამ ბრძოლაში ვიმყოფებით ყველა ჩვენთაგანი და ამ ბრძოლიდან გასვლა არის პოლიტიკური დეზერტირობა და ამ ადამიანებს ვურჩევ, რომ სამიზნე გაასწორონ, ნუ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან და დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს ფარულავა.
"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. სამასამდე ადამიანმა ხაბეიშვილის გუნდთან მუშაობაზე უარი თქვა. პარტიის ახალ მენეჯმენტს ბოიკოტი გამოუცხადა საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმაც. წასულთა ნაწილი უკვე ადასტურებს, რომ შეუერთდებიან მელიას ახალ პარტიას.