სისტემის მიერ დევნილი მასწავლებლების უფლებების დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებ! - სოფო ჯაფარიძე

10.12.23 15:33
სისტემის მიერ დევნილი მასწავლებლების უფლებების დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებ! - სოფო ჯაფარიძე

სისტემის მიერ დევნილი მასწავლებლების უფლებების დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებ! , - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ენმ-ს წევრმა და მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა.

ოპოზიციის წევრმა პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლება სკოლების პოლიტიზირებას და მათზე კონტროლს ცდილობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია თითოეული მასწავლებლის უფლება და სიტყვის თავისუფლება დაცული იყოს, რისთვისაც ბრძოლას არ დაიშურებს. 

ჩვენ ვნახეთ ხელისუფლება როგორ დევნიდა პოლიტიკური ნიშნით მასწავლებლებს, მაგრამ დღეს რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს, უკვე ყოველგვარ ზღვარს არის გადასული. ჩვენ ვხედავთ როგორ ახდენს სკოლების სრულ პოლიტიზირებას, სახელისუფლებო კონტროლს, როგორ დევნიან მასწავლებლებს და დირექტორობის კანდიდატებს განსხვავებული, ჯანსაღი, კრიტიკული პოზიციის გამო. 

მე გუშინ შევხვდი ათობით მასწავლებელს, მოვისმინე მათი წუხილი, მათი პრობლემები და მოვისმინე თუ როგორ დევნის და როგორ ზღუდავს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მათ სისტემა. 

ჩვენ ფიზიკურად ვერაფერს ვიზამთ მათ, ვერ ვასწავლით მომავალ თაობას თავისუფლებას თუ არ დავიცავით ამ ადამიანების სიტყვის თავისუფლება, თუ არ ვუზრუნველჰყავით ის, რომ სკოლაში მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. ახლაც და მომავალშიც ვიდგები მათ გვერდით, ვიბრძოლებ ბოლომდე თითოეული თქვენგანის უფლებების დასაცავად და ვიბრძოლებ ბოლომდე თქვენი სიტყვის თავისუფლებისთვის. დიახ, მე ვიდგები ამ ადამიანების გვერდით, ამ უდიდესი კომპეტენციის მქონე მასწავლებლების გვერდით, რომლებიც ისჯებიან იმისთვის, რომ მათ სურთ ევროპა, რომლებიც ისჯებიან იმისთვის, რომ მათ არ უნდათ რუსეთი, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ კონკურსებში დაბლოკილი პედაგოგები პროტესტის რეჟიმში რჩებიან. უკვე მთელი კვირაა, განათლების სამინისტროს შენობასთან პედაგოგები გიორგი ამილახვარისგან პასუხებს ელოდებიან, დაასრულებს თუ არა სამინისტრო სკოლის დირექტორების  პირადი სიმპათიებით შერჩევას. ერთ-ერთი მოთხოვნაა, პროცესი თავიდან ბოლომდე სამეურვეო საბჭოებს გადაბარდეს. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პედაგოგები საქმის კურსში დიპლომატებსაც ჩააყენებენ. 

მსგავსი სიახლეები