თემურ კარბაიას მკვლელობა გალში - ოპოზიცია რეზოლუციის მიღებას ითხოვს

11.12.23 11:24
თემურ კარბაიას მკვლელობა გალში - ოპოზიცია რეზოლუციის მიღებას ითხოვს

გალში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობის შემდეგ ოპოზიცია ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პარლამენტში რეზოლუცია იქნეს მიღებული. 

არ გავა თვე, რომ საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ან ჩვენი მოქალაქე არ მოკლან, რისი მაგალითებიც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვაქვს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს, პრაქტიკულად, არცერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც იქნებოდა რეალურად, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულების რაიმე მექანიზმი. სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, ჩვენ უნდა მივიღოთ რეზოლუცია კიდევ ერთი და რეალურად, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ კიდევ უფრო მძიმე, კიდევ უფრო სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაატაროს ამ მიმართულებით, - ამბობს დეკანოიძე.  

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეგრედწოდებულმა მილიციამ საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლა. ოკუპირებული გალის ცენტრში 43 წლის მამაკაცს უმოწყალოდ სამი ძალოვანი გაუსწორდა. 

საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობის შესახებ. სრულ მდუმარებაშია პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილს მოკლულის ოჯახისთვის სამძიმარიც კი არ გამოუცხადებია.

მსგავსი სიახლეები