უმრავლესობის აზრით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემაა - NDI

11.12.23 13:31
უმრავლესობის აზრით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემაა - NDI

მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს - კვლევის შედეგებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ასაჯაროებს. 

კითხვაზე, "თქვენი აზრით, რამდენად პრობლემატურია, თუ საერთოდ არის პრობლემატური, ჩვენს საზოგადოებაში ისეთი მენტალური (ფსიქიკური) ჯანმრთელობის დარღვევები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა", პასუხები ასე გადანაწილდა:

  • არ არის პრობლემატური - 8%
  • პრობლემატურია - 83%
  • არ ვიცი - 8%

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა.

კითხვაზე, "ბოლო 12 თვეზე რომ დაფიქრდეთ, თქვენ ან თქვენს ახლობელ ადამიანს გიფიქრიათ თუ არა მიგემართათ ფსიქოლოგის ან ფსიქიატრისთვის?", პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • დიახ - 12%
  • არა - 86%
  • არ ვიცი - 2%
  • უარი პასუხზე - 1%

კვლევის მიხედვით, თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ არ იცის ვის მიმართოს, თუკი მათ ან მათი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება დასჭირდებათ. კერძოდ, მოსახლეობის 57% აცხადებს, რომ იცის, ვის უნდა მიმართოს, 41% კი ამბობს, რომ არ იცის. 2% უარს აცხადებს პასუხზე.

NDI-ის კვლევის მიხედვით, უმრავლესობა ფიქრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც უნდა ფარავდეს.

კითხვაზე, "თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ან არ არის მნიშვნელოვანი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავდეს მენტალურ/ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებს, როგორიცაა ექიმის კონსულტაცია, წამლები, ჰოსპიტალიზაცია?", პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • მნიშვნელოვანია - 90%
  • არ არის მნიშვნელოვანი - 3%
  • არ ვიცი - 6%
  • უარი პასუხზე - 1%

2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები
ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. 

საველე სამუშაოების პერიოდი: 12 ოქტომბერი - 4 ნოემბერი, 2023.  2,068 დასრულებული ინტერვიუ (28%
გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2% ( შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება
სხვადასხვა პასუხის მიხედვით) კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით.

მსგავსი სიახლეები