უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს, რომ საფრთხე, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას რუსეთისგან ემუქრება, შენარჩუნდება - ბერბოკი
"უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა ევროპისთვის საფრთხის შენარჩუნებას ნიშნავს - აქედან გამომდინარე, ძალაში რჩება ის, რაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გადავწყვიტეთ: მხარს ვუჭერთ უკრაინას", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
მინისტრის თქმით, პუტინის განცხადებები ცხადყოფს, რომ მისთვის საქმე ეხება არა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებს, არამედ მთელი ქვეყნის და მისი ხალხის დამორჩილებას.
შესაბამისად, კონფლიქტის „გაყინვა“ ნიშნავს არა მხოლოდ უკრაინის მხრიდან მისი ტერიტორიის ოკუპირებულ ნაწილსა და იქ მცხოვრებ ხალხზე უარის თქმას, არამედ რუსეთის მხრიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განუწყვეტელი ძალადობის გავრცელებას, უპილოტო საფრენი აპარატებით კიევზე, ოდესასა თუ ხერსონზე თავდასხმებს,. „გაყინვა“ ნიშნავს უკრაინისთვის სუვერენიტეტისა და იდენტობის დღითიდღე ჩამორთმევას და ეს ასევე ნიშნავს, რომ რუსეთის საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის შენარჩუნდება“, - აღნიშნა ბერბოკმა.