"გადაუწყვეტელი" ამომრჩეველი - რა გამოსავალზე საუბრობენ პოლიტოლოგები
პოლიტიკურად "გადაუწყვეტელი" ამომრჩეველი - რას აჩვენებს NDI-ის კვლევა და როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ? - ექსპერტები ხელისუფლების ოპონენტებს მსხვილი ბლოკების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, პოლიტიკურ პარტიებს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირების შესაძლებლობას აძლევს ამომრჩეველი.
ამომრჩევლის უმრავლესობა უარს ამბობს არჩევანზე წარსულსა და აწმყოს შორის - ანუ ენმ-სა და ქართულ ოცნებას შორის. დანარჩენი პოლიტიკური ელიტა ვერ თავაზობს ღირსეულ არჩევანს ანუ მომავლის არჩევანს და აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, ამომრჩევლის უმრავლესობა არის ღირსეული მომავალზე ორიენტირებული არჩევანის გარეშეა დარჩენილი, ეს სამწუხარო რეალობაა. თუმცა მეორე მხრივ, პოლიტიკური ელიტისთვის ეს არის შანსი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირებისთვის,“ - ამბობს გია ხუხაშვილი.
ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, კვლევაში ეს მაჩვენებელი ოპოზიციისთვის ცუდია, რადგან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მიდის, ეს კი სახელისუფლებო ძალას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით სასურველი შედეგის მისაღწევად შესაძლებლობას აძლევს.
ეს არ არის ხოლმე კარგი ოპოზიციისთვის იმიტომ, რომ როგორც წესი, ასეთი ადამიანების ნაწილი არ მიდის არჩევნებზე და რაც უფრო ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო ხელსაყრელია მერე ხელისუფლებისთვის ადმინისტრაციული რესურსით თავისი პროცენტის ამაღლება. შესაბამისად, აქ საჭიროა, რომ ოპოზიციური ფლანგი გააქტიურდეს და არა მარტო მრავალფეროვანი, არამედ კვალიფიციური არჩევანი შესთავაზოს ამომრჩეველს და მიიყვანოს არჩევნებზე,“ - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.
პრობლემას ხედავს გიორგი რუხაძეც, რომელიც ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება, რომელმაც უნდა შეძლოს მსხვილ ბლოკებად ჩამოყალიბება და ამომრჩეველთან შეხვედრების გააქტიურება.
ეს იმის ბრალიც არის, რომ ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა მსხვილ ბლოკებად დაჯგუფებაზე. გამოსავალი არის მეტ აქტიურობაში - ამომრჩეველთან უფრო ახლოს მისვლაში, არა მხოლოდ ტელევიზორიდან საუბარში, უფრო კარზე დაკაკუნებაში და ერთხელ და სამუდამოდ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს და ნაცმოძრაობის მიღმა, შუა ფლანგზე უნდა შეიქმნას შედარებით უფრო მსხვილი გაერთიანება,“ - განაცხადა გიორგი რუხაძემ.