"იმდენად ალოგიკური რაღაცები ხდება, რომ შეუძლებელია სერიოზულად ვილაპარაკო" - მდინარაძე NDI-ზე
"იმდენად ალოგიკური რაღაცები ხდება ამ კვლევაში, რომ შეუძლებელია სერიოზულად ვილაპარაკო" - ასე აფასებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას და ამბობს, რომ მათ მიერ ჩატარებული საველე სამუშაოები ნდობას არ იწვევს.
მდინარაძე ირწმუნება, რომ ახალ კვლევებთან დაკავშირებით ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან დისკუსია გამართეს.
თუ მხოლოდ იმ ნაწილს ავიღებთ, ვინც პასუხი გასცა კითხვაზე, რომელია მისი ფავორიტი პარტია, აქ პროპორციის მიხედვით, გამოდის ზუსტად იგივე მონაცემები, რაც იმედმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, GORBI-ს კვლევას ვგულისხმობ.
ანუ, თუკი 19% ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს და 16% ამბობს, რომ დანარჩენს, ეს იმას ნიშნავს, რომ 55%-მდე, ვინც დააფიქსირა პოზიცია, ამბობს, რომ ქართული ოცნება, დანარჩენი ამბობს დანარჩენ ოპოზიციას. თუ 65% ამბობს, რომ ან არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს ან მკვლევარს არ უმხელს, ვის უჭერს მხარს ანუ 65%-დან ვერ მოაქვს მკვლევარს პასუხი, შეიძლება თუ არა ასეთი კვლევა სანდოდ ჩავთვალოთ? გარდა ამისა, სულ რომ იმ პროპორციას დავეყრდნოთ, რომელიც GORBI-ს კვლევას დაემთხვა, უკვე ოპოზიციაში შიდა პროპორციაა დარღვეული. თუ 12% აქვს დანარჩენ ოპოზიციას ენმ-ის გარდა და ენმ-ს 4%, ეს დაახლოებით ნიშნავს, რომ 35%-მდე აქვს ენმ-ის გარდა ოპოზიციას მხარდაჭერა. თუ შეგიძლიათ ვინმეს, დამისახელოთ პარტიები, რომლებიც აიღებენ 35%-ს.
იმდენად ალოგიკური რაღაცები ხდება ამ კვლევაში, რომ შეუძლებელია სერიოზულად ვილაპარაკო იმის მიუხედავადაც, რომ გარკვეული პროპორცია გარკვეულ რეალობას ემთხვევა" - თქვა მდინარაძემ.