"არ ვაპირებთ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობას" - ეძგვერაძის დედა საგამოძიებოში დაიბარეს
გლდანში მომხდარი ჯგუფური ანგარიშსწორება - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" წევრი ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ დედამისი საგამოძიებოში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ეძგვერაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიებამ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა დედამისის დაბარება, რაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობას მონაწილეობას და ოტარ ფარცხალაძის პროკურატურასთან და სანქცირებულ სასამართლოსთან თანამშრომლობას არ აპირებს.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ორი თვის წინ გლდანში პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში თავს დამესხნენ მე და ჩემს მეგობრებს ორ თვეზე მეტი გავიდა და გამოძიებას 40-ზე მეტი თავდამსხმელიდან მხოლოდ 6 ადამიანი დააკავა. კადრების გასაჯაროების შემდეგ არც ერთი ადამიანის იდენტიფიცირება არ მომხდარა. მეტიც მედიის მხრიდან ამოცნობილი ადამიანები გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.
ახლა, ორი თვის შემდეგ, გამოძიებას გაახსენდა, რომ ჩვენს ჩაქოლვას შეესწრო დედაჩემი და გადაწყვიტეს ამ ფარსში, ვითომ გამოძიებაში მიაღებინონ მონაწილეობა. ეს გამოძიებას გაახსენდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის ჩემთვის მოწერილი წერილი გასაჯაროვდა. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს მეც და საზოგადოებასაც, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ გამოძიებასთან. თქვენი მიზანი, პოლიტიკურ წნეხში გვამყოფოთ მე და ჩემი ოჯახი, არ გამოვა. მე და ჩემი მეგობრები ამ წნეხს არ ვექვემდებარები და აუცილებლად დაგამარცხებთ როგორც გლდანში, ისე მთელ საქართველოში, ხალხთან ერთად.
ახლა საჯაროდ, კიდევ ერთხელ მივმართავ გამოძიებას ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით - არ ვაპირებთ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობას, არ ვაპირებთ ფარცხალაძის პროკურატურასთან და სანქცირებულ სასამართლოსთან თანამშრომლობას. ჩვენ უარს ვამბობთ თქვენთანაც რაიმე სახის თანამშრომლობაზე და ჩვენების მიცემაზე. თუ გსურთ რაიმეს გარკვევა, ამოიღეთ კადრები და ამოიცანით თავდასხმის მონაწილე ყველა პირი, ამოიღეთ, დაადგინეთ და იმოქმედეთ.” - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.
შეგახსენებთ, რომ "შაბათის ეთერის" გუნდმა მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც გლდანში ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილ სისხლიან ანგარიშსწორებას ასახავს. კადრები ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული და მასში ჩანს, რომ ავტოფარეხში, სადაც საკრებულოს წევრს სავარჯიშო დარბაზი აქვს მოწყობილი, დეპუტატ ეძგვერაძესა და მის მეგობრებს, ოცზე მეტი თავდამსხმელი ფიზიკურად უსწორდება, რამდენიმე წუთში ავტოფარეხიდან პროცესები ეზოში ინაცვლებს, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ბანდა, ცივი იარაღით ხელში, გადარჩენის მიზნით, ტერიტორიას გარიდებულ პირებს მისდევს.
თავდასხმის პოლიტიკური მოტივი, ვიდეოჩანაწერიდანვე დგინდება, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა და მისი დაჯგუფება, ხმამაღლა ყვირის, რომ ირაკლი ეძგვერაძეს თავს მხოლოდ იმის გამო დაესხნენ რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.