"ნაცმოძრაობის" პრეზიდენტის ღონისძიებაზე არაფერი გვესაქმება - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, არ მივა.
კობახიძე ისევ იმეორებს, რომ სალომე ზურაბიშვილი "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტია.
მისივე განცხადებით, ზურაბიშვილს, დღემდე ვერავინ ათქმევინა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ამიტომ ვერ ხვდება, თუ რატომ უნდა მივიდეს მის დაგეგმილ ღონისძებაზე.
"ნაცმოძრაობის პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება. მითუმეტეს, რომ ის აგრძელებ კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ამ დღეებშიც ის კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ასეთი ადამიანის ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივალთ, ვერ მივალთ, ეს არ არის ჩვენი საქმე, მისი პოზიციიდან გამომდინარე. და გარდა ამისა, მე შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე" - განაცხადა კობახიძემ.