როცა ექნება საშუალება აუცილებლად გააკეთებს განცხადებას - კობახიძე ღარიბაშვილის დუმილზე

12.12.23 14:09
როცა ექნება საშუალება აუცილებლად გააკეთებს განცხადებას - კობახიძე ღარიბაშვილის დუმილზე

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრი ამ დრომდე დუმს,  ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას მაშინ გააკეთებს "როცა ექნება საშუალება". 

"ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს არ გაურბის კომენტარების გაკეთებას მათ შორის ძალიან მძიმე თემებზე და უმძიმესი თემაა ბუნებრივია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების მკვლელობა, რაცა ექნება საშუალება აუცილებლად გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ამ უმძიმეს აქტს, ადამიანის მკვლელობას, თან ძალიან სასტიკი ფორმით, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ეს დამნაშავეები დაისჯებიან, რაც რთულია, მოგეხსენებათ, იმიტომ, რომ ოკუპირებულია ჩვენი ისტორიული რეგიონი, აფხაზეთი ამ შემთხვევაში, თუმცა იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში მკვლელები დაისჯებიან", - თქვა კობახიძემ. 

ოკუპირებულ გალში ცემით მოკლული საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გომელაურის უწყებამ გამოძიება დაიწყო, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის მიხლით იძიებს. 
თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია 10 დეკემბერს გავრცელდა.