პიროტექნიკის გამოყენება შესაზღუდია, თუმცა “ლელოს“ არც ერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ - კობახიძე

12.12.23 14:26
პიროტექნიკის გამოყენება შესაზღუდია, თუმცა “ლელოს“ არც ერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად შესაზღუდია, თუმცა ამ საკითხზე „ლელოს“ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს.

კობახიძის თქმით, ამ საკითხზე კანონპროექტს "ოცნება" თავად დააინიცირებს.

„ვიზიარებ პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მხარს დავუჭერდი ასეთ კანონის მიღებას, მაგრამ„ლელო“ არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, “ლელოს“ არც ერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. რაც შეეხება თემას, ამაზე მე მაქვს ჩემი პოზიცია, ვიცი, რომ ჩემს თანაგუნდელებსაც აქვთ მსგავსი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელსაც მხარს დავუჭერთ. „ლელოს“ კანონპროექტის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში არ შედის,“ - განაცხადა კობახიძემ.

პიროტექნიკის აკრძალვას პარტია "ლელო" უკვე 9 თვეა ითხოვს, თუმცა ხელისუფლებას საკანონმდებლო კანონპროექტი თაროზე აქვს შემოდებული. 

ცნობისთვის, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული 12 წლის ბავშვის მდგომარეომა მძიმეა.

ის მძიმე დაზიანებებით აჭარიდან  თბილისში დამწვრობის ცენტრში გუშინ გადმოიყვანეს და ხეჩინაშვილის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.