„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო გვარდიის მემორიალის დადგმას ითხოვს“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო გვარდიის მემორიალის დადგმას ითხოვს. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები გია ჭანტურია და ეკა წამალაშვილი, პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, თბილისის საკრებულოს ინიციატივით მიმართეს. 12 დეკემბერს აღინიშნება “სახალხო გვარდიის” დღე და ამ დღესთან დაკავშირებით, კუკიის სასაფლაოზე მემორიალს დადგმას ითხოვენ, რომელიც რუსეთთან ომში დაღუპული გვარდიელების ხსოვნისადმი იქნება მიძღვნილი;
“სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ საქართველოს დღევანდელობაში საერთოდ დავიწყებული არის 1921 წლის მოვლენები, დავიწყებული არის პირველი რესპუბლიკა. დღეს არის 12 დეკემბერი და არის ქართული გვარდიის დღე, ეს დღე აღინიშნებოდა უკვე ოკუპირებულ საქართველოშიც კი, სტუდენტობა ამოდიოდა და მიუხედავად წინააღმდეგობისა და დარბევისა, ისინი აღნიშნავდნენ ამ დღეს. დღეს ძალიან სიმბოლურია, რომ ახალგაზრდებთან ერთად ეს ტრადიცია გრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს ფრაქციას ვთხოვეთ, რომ დაეყენებინათ ეს საკითხი, რომ აქ დაკრძალულები არიან ქართველი გვარდიელები, 18-9-20-21 წლის გმირები, რომელთა საფლავებიც ფაქტობრივად აღარ არსებობს და მათი მოძიება ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელია, რომ მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გაკეთება. ხალხი უნდა იცნობდეს თავის გმირებს. ქვეყანა, რომელიც არ იცნობს თავის წარსულს და არ იცნობს თავის გმირებს, ის ახალ გმირებს ვერ შობს.“- განაცხადა გია ჭანტურიამ
12 დეკემბერს საქართველოს პირველ რესპუბლიკაში სახალხო ზეიმით აღინიშნებოდა ქართული გვარდიის დღე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული დღე, რომელიც დაავიწყა ქართველ ხალხს საბჭოთა პროპაგანდამ. ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ ტრადიცია ჩავუყაროთ, რომ 12 დეკემბერს ამოვიდეთ აქ კუკიის სასაფლაოზე, სადაც განისვენებენ სახალხო გვარდიელები, რომლებიც თავის დროზე შეეწირნენ სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული არჩევანისთვის ბრძოლას, წესრიგისთვის და მათი სახელები დავიწყებული იქნა. გმირების სახელები უნდა გვახსოვდეს, მათ ხსოვნას პატივს უნდა მივაგებდეთ, ეს გაგვაძლიერებს ჩვენ ბრძოლაში, რადგან ეს ბრძოლა გრძელდება, საქართველოს დეოკუპაციისთვის ბრძოლა არის დასასრულებელი და რაც ძალიან ნიშანდობლივია, 12 დეკემბერს დაპყრობილ საქართველოში. 1921 წლის 12 დეკემბერს 12:00 საათზე მოულოდნელად მთელს თბილისში სკოლებში უფროს კლასელებმა შეწყვიტეს სწავლა, უნივერსიტეტის აუდიტორიები დატოვეს სტუდენტებმა და ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამოვიდა ამ ადგილას ყვავილებით ხელში, რათა პატივი მიეგოთ გმირი სახალხო გვარდიელების ხსოვნისთვის, დაიფიცეს მათ საფლავზე, რომ ისინი გააგრძელებდნენ მათ ბრძოლას. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი შემდეგ გადაასახლეს, დახვრიტეს, მათ ოჯახებს გადაუარა რეპრესიებმა, ეს იყო გაუხარელი თაობა, რომელიც ვეღარ მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობას და დღეს ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უყრის ტრადიციას საფუძველს, რომ დამოუკიდებელ საქართველოში გვახსოვდეს 12 დეკემბერი - სახალხო გვარდიის დღე და მივაგოთ მათ ხსოვნას პატივი.“ - განაცხადა ეკა წამალაშვილმა
„12 დეკემბერი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი დღე, სახალხო გვარდიის დღე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საბჭოთა საქართველოს პირობებში, ქართველი სტუდენტები და ქართველი ახალგაზრდები ამოდიოდნენ აქ და აღნიშნავდნენ ამ დღეს. ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან დღესაც არსებობს კავშირი, ამ ისტორიას დღესაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ქართული საზოგადოებს და ქართული სახელმწიფოს გარუსებას, ამიტომ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს და აუცილებელია, რომ ჩვენი ინიციატივით დაიდგას ამ სახალხო გვარდიის მემორიალი ამ ადგილას.“ - განაცხადა იგორ ნარმანიამ.