ჩანაცვლდება თუ არა ეროვნული გამოცდები? - მთავრობა სკოლებში ე.წ ეროვნული შეფასების დაბრუნებას აპირებს

12.12.23 17:01
ჩანაცვლდება თუ არა ეროვნული გამოცდები? - მთავრობა სკოლებში ე.წ ეროვნული შეფასების დაბრუნებას აპირებს

მთავრობა სკოლებში  ე.წ ეროვნული შეფასების დაბრუნებას აპირებს.  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია, ბავშვის, მასწავლებლის, სკოლის ადმინისტრაციის, სამინისტროს და მთელი ქვეყნისათვის.

იქნება თუ არა ეროვნული შეფასება ეროვნული გამოცდების ჩამნაცვლებელი, ამაზე, ამილახვარი აცხადებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

"ალბათ ყველა თანხმდება, რომ სკოლებში აუცილებელია დავაბრუნოთ ე.წ ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ მასწავლებელმა იცოდეს რა შედეგებზე გადის ის. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია, განათლების სამინისტროს, სისტემის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ აქტიურად დავიწყეთ პროცესი, რომელიც გულისხმობს, პირველ ეტაპზე მე-6 და მე-9 კლასებში შემოვიღოთ ე.წ სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომელიც სისტემას მისცემს ნათელ სურათს, თუ როგორ ვითარდება, რა დახვეწა და განვითარება სჭირდება სწავლას. ასევე გვინდა მე-12 კლასში უკვე იყოს განმსაზღვრელი შეფასება. ვფიქრობთ, შეფასებაში მოაზრებული იქნება ბავშვის ტრანზიციას სკოლიდან უმაღლეს ან პროფესიულ განათლებაში.

ჩვენ დღეს ვთქვით, რომ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ეროვნულ შეფასებაზე. სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს არანაირი განმსაზღვრელი შეფასება. ახალი რეფორმით კი, სკოლა დაიბრუნებს თავის ძირეულ ფუნქციას. ეს აუცილებელია, რომ სასკოლო საზოგადოება ხედავდეს საკუთარი განვითარების კონტურებს.

რაც შეეხება იქნება თუ არა ეს ეროვნული გამოცდების ჩამნაცვლებელი, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, თუ როგორი უნდა იყოს ბავშვის ტრანზიცია უმაღლეს განათლებაში. ამიტომ, ამის ასე დაანონსება, რომ ეროვნული გამოცდები ჩანაცვლდება, ამ ეტაპზე არ იქნება მართებული" - განაცხადა ამილახვარმა.

მსგავსი სიახლეები