სუს-ის ინსტრუმენტალიზება, დემოკრატიის უკუსვლა - რა წერია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" 2023 წლის ანგარიშში

12.12.23 18:58
სუს-ის ინსტრუმენტალიზება, დემოკრატიის უკუსვლა - რა წერია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" 2023 წლის ანგარიშში

დემოკრატიის უკუსვლა და ევროინტეგრაციის პროცესი, მართლმსაჯულების ფრაგმენტული რეფორმები და ნდობის კრიზისი, დახურული უსაფრთხოების სექტორი და სუს-ის ინსტრუმენტალიზება, პოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა და უმოქმედობა მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად - ამ საკითხებთან დაკავშირებით "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" 2023 წლის ანგარიშს ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, 2023 წელი გამორჩეულად მძიმე აღმოჩნდა დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის. მაგალითად კი, მმართველი პარტიის განზრახვა მოჰყავს, როდესაც "ოცნებამ" პარლამენტში რუსული კანონის მიღება სცადა.

წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულმა “უცხოური გავლენების შესახებ” კანონპროექტმა ნათლად გამოაჩინა ხელისუფლების ნება მაქსიმალურად შეზღუდოს ქვეყანაში კრიტიკული აზრი. ამ გზით “ქართული ოცნება” ცდილობდა დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების მარგინალიზებასა და მათ მტრებად და “უცხოებად” მონიშვნას. უპრეცედენტო საერთაშორისო კრიტიკა და ადგილობრივი ორგანიზაციების პროტესტი არ აღმოჩნდა საკმარისი აღნიშნული კანონპროექტის გასაწვევად. ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ დაიხია უკან, რაც პარლამენტის წინ რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციები მოეწყო და პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკურმა დაპირისპირებამ არსებითი საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ნიშანდობლივია, რომ ამ მოვლენების შემდეგ, სამართლებრივი დევნა დაიწყო აქციის მონაწილეების მიმართ, თუმცა ამ დრომდე იგნორირებულია ის გარემოება, რომ თავდაპირველად სწორედ პოლიციამ გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ, რასაც მოგვიანებით მოჰყვა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის," - წერია ანგარიშში. 

არასამთავრობო ორგანიზაციაში ასევე საუბრობენ იმაზე, რომ 2023 წელი გამორჩეული იყო ხელისუფლების ჭარბი აგრესიული რიტორიკით სამოქალაქო ორგანიზაციების თუ კრიტიკული მედიის მიმართ.

კვლავაც კრიტიკულ გამოწვევად რჩება ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული აზრის მიღება და დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტორების პატივისცემა," - აღნიშნულია ანგარიშში. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის დემოკრატიული უკუსვლის მანიშნებელია გაუარესებული კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ერთ-ერთი გამოხატულება კი ოპოზიციური პარტიების ინიციატივების დაბლოკვაა.

საკანონმდებლო ორგანოში ხშირი იყო ოპოზიციური პარტიების მიერ ინიცირებული კანონპროექტების განუხიველად დატოვება, ხოლო მეორე მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროექტების დაჩქარებული წესით განხილვა იმგვარად, რომ დაინტერესებულ პირებს, სამოქალაქო თუ პროფესიულ ჯგუფებს არ ჰქონდათ მის განხილვებში ადეკვატური ჩართულობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, სექტემბერში პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი დაამტკიცა," - წერია დოკუმენტში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წელსაც გაგრძელდა მართლმსაჯულების ფრაგმენტული რეფორმები, რა დროსაც უგულებელყოფილი იყო სასამართლოში არსებული ფუნდამენტური პრობლემები.

სასამართლოში არსებული პრობლემების სიმწვავეზე მიუთითებს მიმდინარე წლის აპრილში, 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლის სანქცირება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის გამო, ქვეყანაში შესვლაზე პერსონალური სანქციები დაუწესდა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ვალერიან ცერცვაძესა და ირაკლი შენგელიას. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას მოსამართლეთა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის შესახებ სანდო ინფორმაცია დაედო საფუძვლად.

სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მორიგი გაშვებული შესაძლებლობა იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება სასამართლოს გავლენიანი ჯგუფისადმი და ხელისუფლებისადმი ლოიალური კადრებით. კერძოდ, მიმდინარე წელს პარლამენტმა ხუთი არა მოსამართლე წევრი დანიშნა საბჭოში, რომელთაგან ვერც ერთმა აჩვენა კრიტიკულობა და ობიექტური დამოკიდებულება სასამართლოში არსებულ ვითარებაზე," - წერია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის არგუმენტით, 2023 წელსაც გრძელდებოდა ადამიანის ძირითად უფლებებში გაუმართლებელი ჩარევა. მთავარ გამოწვევად უსაფრთხოების სექტორში კვლავ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურისა (სუს) და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ფართო მანდატი, მათი პოლიტიზირება, ანგარიშვალდებულების ნაკლოვანი სისტემა და კონტროლის მექანიზმების არაეფექტიანობა რჩება. 

სუს-ის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მაგალითი იყო საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეც. 2023 წლის 14 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა (სახ. დეპი) რუსეთის „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის“ (ე.წ. „ეფესბეს“) ოფიცერი და ქართველ-რუსი ოლიგარქი დაასანქცირა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ფარცხალაძემ „ეფესბეს“ ოფიცრის დახმარებით, მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და ის გავლენას ახდენდა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ სუს-მა ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დანაშაულის ის შემადგენლობა, რომელსაც ფარცხალაძეს სამართალდამცავები ედავებოდნენ, ცნობილი მხოლოდ რამდენიმე თვის, სუს-ის უფროსის პარლამენტში მისვლის, შემდეგ გახდა. მისი ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა და არსებული საჯარო ინტერესისა, დღემდე, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ფარცხალაძე სუს-ში გამოიკითხა. მოვლენათა ქრონოლოგიამ კი ცხადყო, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა კოორდინირებულად იმუშავეს, რათა ყოფილ მთავარ პროკურორს სანქციებისთვის თავი აერიდებინა," - წერია ანგარიშში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, 2023 წელს, წინა წლების მსგავსად, კვლავაც აქტუალური იყო მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს საპოლიციო ძალის დისპროპორციული და დაუსაბუთებელი გამოყენების პრაქტიკა. 7-8 მარტს, ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, არსებითად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. 

მსგავსი სიახლეები