ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ევროსაბჭო გაფართოების შესახებ დასკვნას აქვეყნებს - რა წერია საქართველოზე
ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ დასკვნას აქვეყნებს - მინისტრების საბჭო ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივისადმი ერთგულებას ადასტურებს.
ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირის ღირებულებების მიმართ მკაფიო ერთგულება გამოავლინოს, რეფორმების გატარების პროგრესი გააგრძელოს და კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, მნიშვნელოვნად და შეუქცევადად შეასრულოს, რათა ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ წინ სვლა განაგრძოს.
“საბჭო აღნიშნავს და დადებითად აფასებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფებებს. საბჭო მიესალმება საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ მოწყობასა და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რადგან აღნიშნული ელემენტები დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების გატარებისას საქართველოს მყარ საფუძველს აძლევს“, - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში.
რაც შეეხება გაფართოების ზოგიერთ საფუძველს, საბჭო აცნობიერებს საქართველოს საერთო პროგრესს საჯარო მმართველობის, სახელმწიფო შესყიდვების და ეკონომიკური რეფორმების კუთხით. მინისტრთა საბჭო მიესალმება წევრობის ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს მზაობას.
„საბჭო საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი გამოავლინონ, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმავონ. საბჭო ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო“, - ნათქვამია დასკვნაში.
მინისტრთა საბჭო დადებითად აფასებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნამდვილ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ.
საბჭო მიესალმება კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ წყობას და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის დამკვირვებელ ორგანიზაციებს.
"საბჭო მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს გამოავლინონ კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება კიდევ უფრო გააღრმაონ პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხონ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი.
გარდა ამისა, საბჭო იხსენებს, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია თავისუფლად იმოქმედოს და აქტიური, ინკლუზიური და შინაარსიანი მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ეს უზრუნველყოფს რეფორმების უფრო ეფექტურ და მდგრად პროგრესს ფუნდამენტურ სფეროებში, კერძოდ კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებში", - აღნიშნულია დოკუმენტში.
საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და უცხოური ინფორმაციის მანიპულირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.
საბჭო იმეორებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები ქვეყნის პრიორიტეტად უნდა დარჩეს. საბჭო ხაზს უსვამს იმას, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებით სასამართლო, პროკურატურისა და სავალუტო ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უნდა გაძლიერდეს.
საბჭო ხაზს უსვამს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების გამოძიებისა და დეოლიგარქიზაციის ქმედებების სისტემური მიდგომით განხორციელებას.
რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, საბჭო იხსენებს, რომ დემოკრატიის განმტკიცებისთვის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი მყარი ჩარჩო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი უზრუნველყოს, განსაკუთრებით კი 2024 წელს.
საბჭო იმეორებს, რომ საქართველომ ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა უნდა უზრუნველყოს. მათ შორის, მედიის თავისუფლების, პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების. ასევე, LGBT პირები უნდა დაიცვას დაშინებისგან, ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან.
საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირის შემზღუდავი ქმედებების ფარგლებში თანამშრომლობა გააგრძელოს, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიმართული ზომების შემთხვევაში, რათა გვერდის ავლა არ მოხდეს.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“