სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

13.12.23 14:44
სალომე ზურაბიშვილი  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური განცხადება - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

 „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ“.

რეი ფურლონგი: საქართველოში მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები გაქვთ, განიხილავთ თუ არა, ან განიხილავდით თუ არა, შესაძლებლობას, რომ მასში მონაწილეობა მიიღოთ, ჩამოაყალიბოთ პარტიას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთვებოდა?

სალომე ზურაბიშვილი: "ამჟამად მე პრეზიდენტი გახლავართ და ჩემი მანდატი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულდება, ახალი პარლამენტი კი ახალ პრეზიდენტს აირჩევს, რადგან ჩვენი კონსტიტუციის თანახმად ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ხალხმა აირჩია. ჩემი გეგმა - თუ ამას შეიძლება გეგმა ვუწოდოთ, ამჟამად არის ის, რომ მანდატი ბოლომდე მივიყვანო და შევასრულო ჩემი როლი. პრეზიდენტმა უნდა სცადოს და კონსენსუს მიაღწიოს ქვეყანაში, რომელიც ღრმად არის პოლარიზებული. ეს, ცხადია, იოლი ამოცანა ვერ იქნება საარჩევნო წელს, რომელიც, სავარაუდოდ, ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მხარდაჭერა იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც ცდილობენ იმ ცხრა რეკომენდაციის შესრულებას, რომელთა შესრულებაც მოგვიწევს მას შემდეგ, როცა იმედია, მივიღებთ კანდიდატის სტატუს რამდენიმე დღეში. ჩვენ, წლის დანარჩენი დრო არჩევნებამდე და არჩევნების ჩათვლით უნდა გამოვიყენოთ, რომ დავასრულოთ ის ავანსი, რომელიც საქართველოსთვის გასცეს. აი, ეს არის ჩემი გეგმები. თუ დავინახავ, რომ ამ ამოცანების შესრულებას განსხვავებული ფორმატი დასჭირდება, მაშინ, ვნახოთ..."

რეი ფურლონგი: ანუ, თუ საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, მაშინ შეიძლება, ვიფიქროთ პარტიის ჩამოყალიბებაზე, ან რაიმე სხვა გზით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე?

სალომე ზურაბიშვილი: "სხვაგვარად ვიტყოდი, თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეზე ვიფიქრებდი". 

მსგავსი სიახლეები