უკრაინელი, მოლდოველი, ქართველი ერი იმსახურებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას - ნაუსედა
"ჩემმა ქვეყანამ ბევრი მიიღო ევროკავშირისგან და ამიტომ ამ პროცესით მომლოდინე ქვეყნებმაც უნდა ისარგებლონ" - ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა.
ნაუსედას თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს გაფართოების პაკეტს, რადგან უკრაინელი, მოლდოველი, ქართველი ერი იმსახურებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას.
უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკების გახსნა და კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის - ეს გადაწყვეტილება ჩვენს ხელშია. ან მივიღებთ მას, ან ამ შანსს გავუშვებთ. ჩემი ქვეყნის პოზიცია პირველივე დღიდან ნათელია, ჩვენ გაფართოების პაკეტს მხარს ვუჭერთ. უკრაინელი, მოლდოველი ხალხი პოზიტიურ გადაწყვეტილებას იმსახურებს და ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ჩემი აზრია, რომ ჩვენ თუ ჩავიჭრებით, ბოროტად გამოვიყენებთ ერთსულოვნების პრინციპს, უფრო და უფრო მეტი კითხვა დაისმება. უნგრეთისთვისაც ასევე მნიშვნელოვანია ერთსულოვნების პრინციპის დაცვა, მაგრამ ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ ბოროტად და ის უნდა გამოვიყენოთ სწორად. ჩემი მეგობრები საქართველოდან ბევრს აკეთებენ, რომ მოხდეს იმპლემენტაცია. არის საკითხები, რომლებიც სამომავლოდ სამსჯელოა, თუმცა ახლა პოლიტიკურმა სიტუაციამ პოზიტიური გადაწყვეტილებისკენ უნდა გვიბიძგოს. ჩემთვის ძალიან მარტივია კითხვა და პასუხი, ჩემმა ქვეყანამ ბევრი მიიღო ევროკავშირისგან და ამიტომ ამ პროცესით მომლოდინე ქვეყნებმაც უნდა ისარგებლონ", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
გადამწყვეტი საათების ათვალა დაწყებულია - ბრიუსელში ევროპული საბჭოს ისტორიული სამიტისთვის ემზადებიან. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ლიდერები რამდენიმე საათში დაიწყებენ შეკრებას.
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ორ-დღიანი სამიტი არსებული ცნობებით, დაძაბულობით იქნება სავსე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ არის. მთავარი ბარიერი ისევ უნგრეთის პრორუსი ლიდერია, რის გამოც ვიქტორ ორბანთან დაძაბული საუბრები გრძელდება.