ისევ პრეზიდენტი თუ ქვეყნის პრემიერი? საით მიდის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმები?
ისევ პრეზიდენტი თუ ქვეყნის პრემიერი? საით მიდის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმები? - არჩევნებში ზურაბიშვილის შესაძლო მონაწილეობის ანონსი დიდი პოლიტიკური განხილვის საგანი ხდება.
პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრები არ გამორიცხავენ, რომ გადამწყვეტ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ზურაბიშვილმა მხარდაჭერა კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს გამოუცხადოს, თუმცა ამ ვერსიის მიხედვით, ზურაბიშვილს ექნება გარანტიები, რომ თუ ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია მოვა, მაშინ თვითონ ან პრეზიდენტი გახდება ან ახალ მთავრობას ჩაუდგება სათავეში.
თუ გადაწყვეტს, რომ პოლიტიკურად გააქტიურდეს, რომელიმე პოლიტიკურ ფლანგზე მოთამაშე გახდეს, ვინმეს დაუჭიროს მხარი და შეეცადოს პოლიტიკური ძალის გაძლიერებას, ეს, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ასეთ ფორმატში მას სჭირდება რაღაც ტიპის გარანტიები. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მალეა, საპარლამენტოს შემდეგ სულ რაღაც 2 თვეშია. ისევე როგორც ნებისმიერმა გამარჯვებულმა ძალამ პრემიერობის კანდიდატი უნდა წარადგინოს. ვერსიები ბევრია. ვიცნობ რა ქალბატონ სალომეს, ნებისმიერი ვერსია შესაძლებელია.
თუკი პოლიტიკური კოალიცია კეთდება და ასეთი კოალიცია თუ შეიქმნა, რა თქმა უნდა, წინასწარ ცხადდება ყველა ის მთავარი ფიგურანტი, რომელიც ქვეყნის სათავეში იქნება. ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური პარტია მუდმივად თავისი პრემიერობის კანდიდატს ასახელებს და მისი ლიდერობით მიდის საარჩევნო კამპანიაში.
იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რომ თვე ნახევარში დაახლოებით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს დუალისტური მიდგომა. ანუ, გამოცხადდეს არამარტო პრემიერობის კანდიდატი, არამედ გამოცხადდეს ასევე ძალიან მალევე ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნების რჩეული. ამაში უცნაური არაფერი არ იქნება, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, თუ პოლიტიკური ძალები ჩათვლიან საჭიროდ, რომ გამარჯვებისთვის კიდევ უფრო გაძლიერება სჭირდებათ", - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პირველებთან".
მოქმედი პრეზიდენტის თანამებრძოლი, ეკა ბესელია "პირველებთან" კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მის გვერდით იქნება.
პოლიტიკოსი იქვე ამბობს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი დარჩეს თანამდებობაზე, თუმცა პროდასავლურ გაერთიანებას დაუჭიროს მხარი:
პარტიულობას არ გამორიცხავს. თუ ის იქნება ბოლომდე, როგორც პრეზიდენტი მანდატის დასრულებამდე რომელიმე კოალიციას ან პლატფორმას ან საარჩევნო სუბიექტს დაუჭიროს მხარი. ეს მას არც ეზღუდება, პირიქით, მისი არჩევანი იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ნათლად გამოჩნდება მომავალ წელს. ამიტომ ჯერ ცოტა ადრეა საუბარი, მაგრამ პრეზიდენტი პრეზიდენტის რანგში თუ იქნება ბოლომდე, მე დარწმუნებული ვარ, მას ექნება მკაფიო პოზიცია, პროდასავლური, რომელი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას გადაწყვეტს. თუ ის თავად გადაწყვეტს მონაწილეობას, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თანამოაზრეობა და თანამებრძოლობა ძალიან გაგვიადვილდება. აქ არ მჭირდება არც ყოყმანი და არც ფიქრი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით თანამოაზრეები და თანამებრძოლები, ასე რომ, მე ვხედავ, რომ მომავალი განვითარების გზა, რომელიც გადის ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, სადაც საჭიროება იქნება განვიხილავ ვიყოთ იქაც თანამოაზრეები", - აღნიშნა ბესელიამ.