ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ - კალაძე
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ არც სასწრაფო დახმარების მანქანას, არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისთ არ აქვს პრობლემა.
როგორც კახა კალაძემ თქვა, საზოგადოებას აქვს კულტურა, "როდესაც სახანძრო მოდის და თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანა, გაატარონ".
„არანაირი დაგვიანებით არ მისულა (სახანძრო მანქანა). შეგიძლიათ გამოითხოვოთ ეგ ინფორმაცია და მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას, რამდენ წუთში მივიდა სახანძრო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის საცობები, მიუხედავად იმისა, რომ რთულია გადაადგილება, არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს, იმიტომ, რომ საზოგადოებას იმის კულტურა აქვს, როდესაც სახანძრო მოდის და თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანა, გაატარონ“,- განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე ამბობს, რომ საცობების მიზეზი მანქანების დიდი რაოდენობა და ავტოსაგზაო შემთხვევებია.
„საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობაა. 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს თბილისში პიკის საათში. წარმოგიდგენიათ? გუშინ ამას ავტოსაგზაო შემთხვევები დაემატა, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ. ეს საოცრებაა ცხადია ამ ყველაფერს აქვს თავისი გავლენა. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით რაღაცები გამოვასწოროთ, ეს არის ის პოლიტიკა, რასაც დედაქალაქის მერია ატარებს - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, ავტობუსები. იცით, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები მალე დაგვემატება დედაქალში, რომ შევძლოთ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა. შევძლოთ, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც ავტობუსი ასევე, მიკროავტობუსი და რა თქმა უნდა, ის ინფრასტრუქტურული პროექტები. მესმის, ამ სამუშაოების დროსაც არის დისკომფორტი, პრობლემა. დღეს წერეთლის გამზირი გადაკეტილია და მოძრაობა ჭირს, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სხვანაირად შეუძლებელია. მაშინ რა ვქნათ, არ გავაკეთოთ? ნახეთ ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებით, ოპოზიცია ჩვეულებრივი სპეკულანტები არიან. აღნიშნული თემით სპეკულირებენ. მე გამოვედი, კიდევ ერთხელ ვთქვი და ხაზი გავუსვი - თუ გაქვთ რაიმე და იცით, მზად ვართ მოიტანეთ ან გააკეთეთ განცხადებები და გავაკეთებთ. მაგრამ უბრალოდ ძახილი, რომ ის არასწორს აკეთებს.. კარგი, მე არასწორს ვაკეთებ, რა არის სწორი გვითხარით. მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ექსპერტები ჩართულნი არიან და გვეუბნებიან, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ვაშაძის თემა მინდა გავიხსენო, გამოვიდა თქვა, რომ მერი არასწორად აკეთებს, „სისტრამ“ დაუწერა რაღაცები და იმას არ ასრულებსო. გამოდგა, რომ ეს არის ტყუილი, სიცრუე. თვითონ აღნიშნული კომპანიაც გამოვიდა, სიცრუეში დაადანაშაულა ბატონი ვაშაძე. მერე, მივმართე მას, რომ თუ იცის რამე, წარმოადგინოს და მზად ვართ განვიხილოთ. გამოვიდა და კომისიები შევქმნათო, სასაცილოა ეს ყველაფერი“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ქავთარაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო მანქანა დროულად ვერ მივიდა. გავრცელდა ვიდეო, რომ ტექნიკა საცობში იყო იდგა და გადაადგილებას ვერ ახერხებდა.