რა წერია EU-ის სამიტის გადაწყვეტილების პროექტში? - დოკუმენტს "ნეტგაზეთი" ასაჯაროებს
ევროპული საბჭოს სამიტის გადაწყვეტილების პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას. დოკუმენტი "ნეტგაზეთმა" მოიპოვა.
იქიდან გამომდინარე, რომ კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის, სამიტის დასრულებამდე ტექსტი შეიძლება შეიცვალოს.
დასკვნის პროექტში ასევე წერია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლებიც მათ წინაშე დადგა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად.
ამ დროისთვის არსებული პროექტი გაფართოების ნაწილში შემდეგნაირია:
- ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან. ევროპული საბჭო იწვევს საბჭოს, მიიღოს შესაბამისი მოლაპარაკებების ჩარჩოები მას შემდეგ, რაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციებში;
- ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებული ნაბიჯები;
- ევროპული საბჭო მზადაა, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი;
- ევროკავშირი მზად არის, დაასრულოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპი, როგორც კი ჩრდილოეთ მაკედონია დაასრულებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ევროპული საბჭო მოუწოდებს ჩრდილოეთ მაკედონიას, დააჩქაროს ამ ცვლილებების დასრულება.
14-15 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი იმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას. უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. კონსენსუსის არარასებობამ შესაძლოა, საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზეც იმოქმედა.