ხვალ გადაწყდება მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, სწორედ ამას შეეხებოდა ჩვენი შეხვედრა - გამარჯვების კოალიციამ ახალგაზრდული ფორუმი გამართა
გამარჯვების კოალიციამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალგაზრდული ფორუმი გამართა, სადაც მთავარ განსახილველ საკითხებს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი წარმოადგენდა.
შეხვედრას ახალგაზრდები, უცხოელი სტუმრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკური ლიდერები ესწრებოდნენ.
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლაშა დიაროვის თქმით, ხვალ საქართველოსთვის ისტორიული დღეა, შესაბამისად ფორუმზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს:
“დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. როგორც ვიცით, ხვალ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის დღეა, ხვალ უნდა გადაწყდეს მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს და სწორედ ამას შეეხებოდა ჩვენი შეხვედრაც.
ჩვენ გვყავდა სტუმრები ნიდერლანდებიდან, ასევე ჩვენი უცხოელი კოლეგები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკური ლიდერები და გვქონდა საკმაოდ საინტერესო დისკუსია და დებატები სწორედ ამ საკითხების გარშემო.
დარწმუნებული ვარ, რომ დადებითად გადაწყდება კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი საქართველოსთვის, ვიმსჯელეთ იმ თემაზე, თუ რა ბენეფიტებს მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.
შეხვედრას ესწრებოდა უამრავი ახალგაზრდა, სტუდენტები და დაინტერესებული პირები. ჩვენ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო“ - განაცხადა დიაროვმა