მთავარი მესიჯია, რომ დააყენოთ ხალხის ინტერესი პირველ ადგილზე და არა ივანიშვილის ეკონომიკური ინტერესი - გალერი
"ჩემი მთავარი მესიჯია, რომ დააყენოთ ხალხის ინტერესი პირველ ადგილზე და არა ივანიშვილის ეკონომიკური ინტერესი, მმართველმა პარტიამ უნდა გააკეთოს ის, რაც ხალხის სურვილია", - ამ განცხადებას ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი "პირველებთან" აკეთებს. ევროპარლამენტარი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ ხალხის დაკვეთის შესრულებაზე უნდა იზრუნოს და არა ივანიშვილის ეკონომიკური ინტერესების გატარებაზე.
როგორც გალერი ამბობს, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება იმ 9 დათქმის შესრულებაზეა დამოკიდებული, რაც ქვეყანამ მიიღო. ევროპარლამენტარი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასაც უსვამს ხაზს და ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია.
როგორც გალერი "პირველებთან" ამბობს, მთავრობის პასუხისმგებლობაა ყველა ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, ხალხის ნების შესრულება, რაც საქართველოს შემთხვევაში არა რუსეთთან, არამედ ევროკავშირთან დაახლოებას გულისხმობს.
ყველა არჩევნები დემოკრატიის ტესტია, 9 ნაბიჯი ეხება სასამართლოს რეფორმასაც, ეს არსებითი პრობლემაა ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის მოლდოვისთვისაც. საქართველომ უნდა აჩვენოს პოლიტიკური ნება, რომ მათ ეს ნამდვილად უნდათ. ჩვენ ასევე ველოდებით რეალურ დიალოგს პოლიტიკურ სუბიექტებს შრის იმ საერთო მიზნის გარშემო, რაც ევროინტეგრაციას ეხება. პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. თუ მთავრობა ისევ იფიქრებს ან იტყვის, რომ დასავლეთს ჩვენ არ ვჭირდებით, ისინი შეცდებიან. ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ ქვეყანას, რომელიც უნდა გაამყაროს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგით. ჩემი მთავარი მესიჯია, რომ დააყენოთ ხალხის ინტერესი პირველ ადგილზე და არა ივანიშვილის ეკონომიკური ინტერესი, მმართველმა პარტიამ უნდა გააკეთოს ის, რაც ხალხის სურვილია. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხს აღარ სურს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება. ჩვენ გვინდა, რომ გაფართოების პროცესი წინ წავიდეს, ეს ნიშნავს მოლაპარაკების დაწყებას უკრაინასა და მოლდოვასთან და სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის. ორბანი სავარაუდოდ, დაეთანხმებოდა მოლდოვისთვის მოლაპარაკების დაწყებას და სტატუსს საქართველოში, თუმცა არ მინდა სპეკულაცია. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს პუტინის მხარეს ყოფნა, ეს ორბანის პერსონალური პოზიციაა,“ - ამბობს გალერი.