ნიკა მელია: სააკაშვილთან ერთად თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ

14.12.23 19:30
ნიკა მელია: სააკაშვილთან ერთად თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ

"სააკაშვილთან ერთად თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ," - ამ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ამბობს. მელიას თქმით, მას არ სურს ამ პარტიის ლიდერზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბარი, სანამ ის პატიმრობაში იმყოფება. ამავდროულად მელია გამორიცხავს მასთან ერთად ერთ პარტიაში ყოფნას მომავალში.

თავს კომფორტულად არ ვგრძნობ [მასზე საუბრისას], როცა ოთხ კედელშია ადამიანი. სანამ ის იქნება პატიმარი, ჩემი სურვილი იქნებოდა, მე მასზე არ მესაუბრა და მე ამ სურვილში თანმიმდევრული ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ხალხს, ათასობით ადამიანს, ვინც დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და არის ჩვენი მხარდამჭერი და პოტენციური ამომრჩეველი, აქვთ ეს კითხვა, შესაძლებელია ეს ყველაფერი მომხდარიყო იმგვარად, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს არ სცოდნოდა? არ მსურს ამ პროცესში შესვლა. ადამიანს როდესაც თვალებში ჩავხედავ და შევხვდები, აუცილებლად იქნება პასუხები თქვენს კითხვებზე. მორალურად გამიმარტივდება" - უთხრა მელიამ რადიო თავისუფლებას. ის მას შემდეგ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე არჩევნების შემდეგ ლევან ხაბეიშვილი გახდა, ხშირად საუბრობს ამ პარტიაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის "არაფორმალურ მმართველობაზე" და თითქმის არ პასუხობს კითხვებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

"[ეს] არ ნიშნავს რომ მასთან კითხვები არ მაქვს, მაქვს. ეს კითხვები მასთან დაისმება, მას შემდეგ, როცა მექნება მასთან [შეხვედრის] შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე, ეს ვერ შედგება. ეს იქნება ფანტასტიკის სფეროსთვისაც წამოუდგენელი - ამას მე თქვენ გეუბნებით გულახდილად" - ამბობს მელია.

ახალი პარტიის პრეზენტაციას ის 2024 წლის დასაწყისში გეგმავს და ამბობს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ეს პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და სხვა პარტიებთან გაერთიანება წინასაარჩევნოდ არ განიხილება.

მსგავსი სიახლეები