ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა და ეს არის ერთიანი მიღწევა - პრეზიდენტი

15.12.23 00:06
ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა და ეს არის ერთიანი მიღწევა - პრეზიდენტი

„დღეს ყველა გახარებულია იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამ მომავლისკენ ჩვენ გადავდგით ძლიან დიდი, სერიოზული ნაბიჯი,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ხალხის დამსახურებაა პარტნიორების გადაწყვეტილება.

პრეზიდენტმა შარლ მიშელის წვლილზეც ისაუბრა და თქვა, რომ მან დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ ქვეყანას დღეს ეს შედეგი მიეღო. 

სალომე ზურაბიშვილმა მოლაპარაკების დაწყება მიულოცა როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას.

ყველანი ერთად ვიყავით ამ ძლიან დიდ მოლოდინში და მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს, იმიტომ, რომ ვიცი, დღეს ყველას უხარია - ვისაც სჯეროდა, არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, მაგრამ დღეს ყველა გახარებულია იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამ მომავლისკენ ჩვენ გადავდგით ძლიან დიდი, სერიოზული ნაბიჯი. 
ამისთვის მინდა, მადლობა ვუთხრა, შარლ მიშელს, რომლის ძალიან დიდი წვლილიც არის დღევანდელ დღეს, რომ გადაწყდა ეს ძალიან რთული ვითარება, რაც არსებობდა ევროკავშირში ამ გადაწყვეტილების დღეს და არავინ იცოდა, როგორ გადაწყდებოდა და მათი დიპლომატიური ძალისხმევა იყო ძალიან სერიოზული და ეს ძალისხმევა არა მხოლოდ დღევანდელი დღით, არამედ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვყავდა შარლ მიშელის სახით ძალიან დიდი საქართველოს მეგობარი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა პირადად ვუთხარი თქვენი სახელით.
მადლობა ქართველ ხალხს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა და ეს არის ერთიანი მიღწევა. ეს არ არის სიტყვები, რომ ერთად ვიყოთ და ყველანი ერთსულოვანი - ეს მართლაც ასეა, რომ არა ერთად, არაფერს მივაღწევდით, არც დამოუკიდებლობას ადრე, არც დღეს ამ ნაბიჯის მიღწევას და არც ხვალ ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს თუ ვერ შევიგენით, ჩვენ ამას ვიგებთ ასეთ ისტორიულ დღეებში და მერე გვავიწყდება ისევ, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევიგნოთ ბოლომდე და გავატაროთ ყოველდღიურად, რომ ერთიანობა, ერთობა არის მართლაც ჩვენი უდიდესი ძალა, სხვა დიდი ძალა არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც ყველაფერს მიგვაღწევინებს და ასეც ჩანს, იმიტომ, რომ ვერავინ იტყოდა ადრე, რომ ჩვენ ამას მივაღწევდით ასე მალე. ჩვენ ბევრ რამეზე ვოცნებობთ, მაგრამ მიღწევები არ მოდის ასე მარტივად და ჩქარა, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ეს უნდა შევიგნოთ დავაფასოთ და შემდეგ ბოლომდე გავატაროთ,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები