ხასიათზე ვერ იყვნენ, ვერ წარმომედგინა, ასეთი სამსახიობო მონაცემების ადამიანებს თავის მოთოკვა თუ არ შეეძლოთ - მდინარაძე ოპოზიციაზე

15.12.23 14:20
ხასიათზე ვერ იყვნენ, ვერ წარმომედგინა, ასეთი სამსახიობო მონაცემების ადამიანებს თავის მოთოკვა თუ არ შეეძლოთ - მდინარაძე ოპოზიციაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინჭება არ გაუხარდათ და სწორედ ამიტომ დღეს ხასიათზე ვერ იყვნენ.

მდინარაძის თქმით, ვერ წარმოედგინა, ასეთი სამსახიობო მონაცემების ადამიანებს თუ არ შეეძლოთ, დღეს თავი მოეთოკათ და ისეთი ხასიათი არ ეჩვენებინათ, რაც აჩვენეს.

„წელიწად-ნახევარმა, ამ ისტორიამ, ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, როგორც არ უნდა შევაფასოთ, ყველაფერი აჩვენა. ოპოზიციის წარმოამდგენლები ხასიათზეც კი ლაპარაკობენ ხოლმე ხანდახან. დღეს სხდომის დარბაზში, თუ ხასიათზე რაიმე შეფასება შეიძლება, დამოკიდებული იყოს, ალბათ ყველაფერი ითქვა, კადრებიც იქნება. მე ვერ წარმომედგინა, ჯერ ხასიათზეც ვერ იყვნენ და მერე ცოტახანში საერთოდ აღარ იყვნენ. გაქრა ოპოზიცია დარბაზიდან. მე ვერ წარმომედგინა, ასეთი სამსახიობო მონაცემების ადამიანებს თუ არ შეეძლოთ, დღეს თავი მოეთოკათ და ისეთი ხასიათი არ ეჩვენებინათ, რაც აჩვენეს. ეს ხასიათები მაგათი სტილია და დავანებოთ თავი. ბუნებრივად მათ რაც აკეთეს ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ამისი დაგვირგვინება, რომ მათთვის ნეგატიური და ქვეყნისთვის პოზიტიური იქნებოდა, ამის დროს რომ თავს ვერ შეიკავებდნენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ისიც კი იკადრეს, როგორ, დროშები რომ დაალაგესო. ფრაქციის აპარატმა დაალაგა, მათაც ხომ ჰყავთ ფრაქციები, ყოველ ორ ადამიანს პოლიტიკური ჯგუფი აქვს. მოეტანათ და დაედოთ, თუ რამის გაკეთება უნდოდათ. „ქართული ოცნების“ ფრაქციის წარმომადგენლები „ნაცებს“ ხომ არ დაულაგებდნენ წინ ევროკავშირის დროშებს. უმრავლესობის შიგნით მოვიფიქრეთ ეს ამბავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები