"ნაციონალურ მოძრაობაში" საზეიმო ღონისძიებისთვის ემზადებიან

15.12.23 15:30
"ნაციონალურ მოძრაობაში" საზეიმო ღონისძიებისთვის ემზადებიან

"ნაციონალურ მოძრაობაში" საზეიმო ღონისძიებისთვის ემზადებიან. პარტიის ცენტრალურ ოფისში შეკრება უკვე დაწყებულია. ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები მხარდამჭერებთან ერთად გეგმავენ. 

კახეთის გზატკეზილზე ელოდება თანამოაზრეებს გიორგი ვაშაძეც. საზეიმო ღონისძიება "ნაცმოძრაობის" ოფისიდან იწყება, თუმცა, პოლიტიკოსთა ნაწილი, შესაძლოა, მხარდამჭერებთან ერთად ქალაქის ცენტრში დაგეგმილ საერთო ზეიმსაც შეუერთდეს. 

"ჩვენ ვიკრიბებით აქ, გვექნება ღონისძიება, თუმცა ცალკეული ადამიანები შეიძლება იმ ღონისძიებაზე ვიყოთ და დავესწროთ. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, ამ ამაღლებულ დღესაც კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე, რომელიც არის რუსული კანონის ავტორი და ძალიან უსამართლობაა დღეს ეს ზეიმი, როცა ლაზარე გირგორიადისი ზის ციხეში, მაშინ, როდესაც ციხეში ზის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ევროპული მომავლისთვის ყველაფერი გააკეთა", - განაცხადა ანა წითლიძემ.

გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ თუ ვინმე უნდა იყოს პოლიტიკოსებს შორის მილოცვების მიმღები, ერთ-ერთი მიმღები სწორედ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს.

ბუნებრივია, ჩვენ იქ ვართ, სადაც ქართველი ხალხი, მათ შორის, ამ კარგი ამბის აღნიშვნაში, დღეს ყველა ნორმალური ადამიანი, ყველა ქართველი ზეიმობს და ვართ იქ, სადაც ჩვენი ხალხია. გადავწყვიტეთ, სიმბოლურად ეს ყველაფერი ჩვენი პარტიის ოფისში აღგვენიშნა, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილია და რომლის კედლებზეც მისი ფოტოა მოწოდებით, რომ ის თავისუფალი უნდა იყოს.

თუ ვინმე უნდა იყოს პოლიტიკოსებს შორის მილოცვების მიმღები, ერთ-ერთი მიმღები სწორედ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, რომელმაც მის გუნდთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ დღევანდელი დღე შესაძლებელი ყოფილიყო“, - განაცხადა ბარამიძემ.


 

 

მსგავსი სიახლეები