ზეიმობენ ისინიც, ვინც კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასს ადებდა - ეს თქვენი გამარჯვებაა, ხალხო! - ვაშაძე

15.12.23 16:22
ზეიმობენ ისინიც, ვინც კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასს ადებდა - ეს თქვენი გამარჯვებაა, ხალხო! - ვაშაძე

 

 

 

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი რეფორმების სწრაფად გატარების და არჩევნების სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ენმ-ს  ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ოპოზიციონერმა ლიდერმა პირდაპირ თქვა, რომ სტატუსის მიღება ხალხის გამარჯვებაა. მისი თქმით, დღეს ის ადამიანებიც კი ზეიმობენ, ვინც ამ მოვლენას ჩალის ფასს ადებდა. 

ვულოცავ მთელს საქართველოს, ქართველ ხალხს. პირველ რიგში, ეს თქვენი, ქართველი ხალხის დამსახურებაა. სრულიად ევროპამ, ევროპელმა ლიდერებმა შეისმინეს თქვენი ხმა და მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს არის ჩვენი წინაპრების გამარჯვება, ეს არის ილიას გამარჯვება, ეროვნული მოძრაობის ლიდერების, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გამარჯვება, ეს არის მიშას იდეის გამარჯვება და პირველ რიგში, ეს არის იმ ახალგაზრდების გამარჯვება, რომლებიც დაუპირისპირდნენ რუსულ კანონს და წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის მიუხედავად გაიტანეს გამარჯვების გოლი.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს ადამიანები, ვინც კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასს ადარებდა და ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს კანდიდატის სტატუსს, ზეიმობენ ამ დღეს. ეს არის ხალხო თქვენი გამარჯვება.

მინდა მივულოცო მოლდოვასა და უკრაინას, რომ მათ დაიწყეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკება. რომ არა ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა, ჩვენც მათთან ერთად დავიწყებდით კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკებას. მაგრამ ჩვენი გამარჯვება კიდევ წინ არის. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, გავატაროთ სწრაფი რეფორმები და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა ღირსეულად ფრიალებდეს მსოფლიო ცივილიზაციასთან ერთად ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან ერთად და ამას აუცილებლად მივაღწევთ!, -  განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები