ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ - პრემიერი
"ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება" - ეს განცხადება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. მისი მტკიცებით, ქვეყანამ ომი თავიდან აირიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მოიპოვა. ამავდროულად, მან მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს გაწეული ძალისხმევისთვის.
„მინდა გითხრათ, რომ ეს გზა არ იყო იოლი. ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ღირსეულად და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ, ერთად დავამარცხეთ როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ისე მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე, თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი, ომი და უბედურება. შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. გავაძლიერეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. 14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა.
დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.