ზურაბიშვილის როლზე ყურადღების არ გამახვილება, პირველ რიგში, ინსტიტუტების უპატივცემულობაა - გია ნოდია
შეილახა თუ არა ინსტიტუტების ღირსება მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თავისუფლების მოედანზე სცენაზე ასვლისა და სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს - პოლიტოლოგი გია ნოდია "დღის ამბების" ეთერში მოცემულ სიტუაციას "პოლიტიკურ ქაჯობას" უწოდებს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყოველგვარი გზით ცდილობდა, რომ ქვეყანას ისტორიული შანსი გამოეყენებია და მაშინ, როდესაც ევროკომისიამ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საკუთარი ქმედებებით პრეზიდენტის ინსტიტუციის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს.
ეს არის, პირველ რიგში, ინსტიტუტების უპატივცემულობა. პიროვნულად სალომე ზურაბიშვილზე რაც უნდათ ის იფიქრონ, ეს მათი საქმეა, მაგრამ ის არის საქართველოს პრეზიდენტი და კონსტიტუციურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირი საქართველოში, რომელსაც ბუნებრივია, პირდაპირ ეხება საგარეო პოლიტიკა და რომელიც ძალიან აქტიური იყო, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე აქტიური იყო საქართველოს ხელისუფლებაში იმ თვალსაზრისით, რომ ის ლობირებდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის და ცდილობდა, დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, საქართველოს უნდა მისცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თავად სალომე ზურაბიშვილს რომ უყვარს სიტყვა ქაჯობა, ალბათ, ამ შემთხვევასაც მიუდგება ეს სიტყვა პოლიტიკური ქაჯობა", - აღნიშნა გია ნოდიამ.