მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს იმის გაცნობიერებით, რომ შემდგომი რეფორმები განხორციელდება - შოლცი

15.12.23 19:38
მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს იმის გაცნობიერებით, რომ შემდგომი რეფორმები განხორციელდება - შოლცი

"ევროკავშირს თუ სურს, მიიღოს ახალი წევრები, მან უნდა უზრუნველყოს, რომ განაგრძობს ფუნქციონირებას და ამისთვის საჭიროა შიდა რეფორმები", – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაკეთა.

შოლცმა ეს განცხადება ევროპული საბჭოს სხდომის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჩვენ, ევროკავშირის წევრებმა გადავწყვიტეთ, გავხსნათ გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან. ეს არის მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი და ამ ქვეყნებს აძლევს მკაფიო პერსპექტივას. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა. ჩვენ ასევე მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს იმის გაცნობიერებით, რომ შემდგომი რეფორმები განხორციელდება. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით კი გამოვთქვით მზადყოფნა, გავხსნათ გაწევრიანების მოლაპარაკებები, როგორც კი წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი დონე იქნება მიღწეული. ვიმედოვნებთ, ამ გადაწყვეტილების მიღებას მარტში შევძლებთ. ასევე, მივაღწიეთ შეთანხმებას და პირადად ჩემთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს. ეს ქვეყნები 20 წელზე მეტია, ელოდებიან დაპირების შესრულებას, რომელიც საბჭომ გააკეთა. ევროკავშირს თუ სურს, მიიღოს ახალი წევრები, მან უნდა უზრუნველყოს, რომ განაგრძობს ფუნქციონირებას და ამისთვის საჭიროა შიდა რეფორმები. ეს არაერთხელ აღმინიშნავს ბოლო 18 თვის განმავლობაში. მოხარული ვარ, რომ გრანადაში ოქტომბერში ჩვენ შევთანხმდით, რომ გაფართოება და ევროკავშირის რეფორმები პარალელურად მოხდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მსგავსი სიახლეები