"სჯობს, სოციალურად დაუცველებს მისცენ ეს თანხა, ვიდრე მკვდარ სულებს" - გორის მერი საჯარო მოხელეებს ფინანსურ წახალისებას ჰპირდება
საახალწლო საჩუქარი გორის მერისგან - ლადო ხინჩეგაშვილი საჯარო მოხელეებს ფინანსურ წახალისებას ჰპირდება. ქალაქის მერი პირობას დებს, რომ თუ ბიუჯეტში ნაშთი დარჩება, თანამშრომლებს სახელფასო დანამატებს მისცემს.
ეს დაპირება იმ ფონზე გაიცა, როცა მერია საახალწლო ღონისძიებებში 320 ათას ლარს ხარჯავს, გაჭირვებული ადამიანებისთვის კი გაცილებით ნაკლებს. საახალწლო დანამატებს ხინჩეგაშვილი, ფაქტობრივად, ყოველწლიურად გასცემს, ისევე როგორც არ ავიწყდება ხელფასების მომატება ერთგული თანამშრომლებისთვის.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გორის მერი ხალხის ფულით "ხან ოკუპანტ რუსეთში მოგზაურობს, ხან არაბულ ქვეყნებში".
მაშინ, როდესაც ასობით გაჭირვებული ოჯახი და სოციალურად დაუცველი გვყავს ჩვენს მუნიციპალიტეტში, ამ დროს გორის მერი უსაქმურად ატარებს დროს. მოგზაურობს ხან ოკუპანტ რუსეთში და ხან არაბულ ქვეყნებში და გორის ბიუჯეტით, რომელიც ეკუთვნის ხალხს და რომლითაც ხალხი უნდა ფინანსდებოდეს, სამწუხაროდ, ის აფინანსებს საკუთარ ახლობლებს, ნათესავებს და საჯარო მოხელეებს", - ამბობს ენმ-ის წევრი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიუჯეტში დარჩენილი თანხა ცენტრალურ ხელისუფლებას უბრუნდება, ამიტომ ხინჩეგაშვილი საჯარო მოხელეებისთვის ფინანსურ წახალისებას ვერ შეძლებს.
როდესაც ბიუჯეტში ნაწილი რჩება, ეს ბიუჯეტი უკან ცენტრალურ ხელისუფლებას მიაქვს, შესაბამისად ის ვერავის ვერაფერს ვერ გაუნაწილებს. თუ უფლებას მისცემენ, რომ მსგავსი რამე გაუნაწილონ, მაშინ სჯობს, რომ სოციალურად დაუცველებს მისცეს ეს თანხა, ვიდრე ისევ აიპებში და სიპებში დაარიგონ და ისევ მკვდარ სულებს გაუნაწილოს ეს თანხა", - ამბობს ოპოზიციონერი.