ხელშეკრულება ტენდერის გარეშე - გორის მერია საახალწლო კონცერტში 38 ათას ლარს დახარჯავს
გორის მერია საახალწლო კონცერტში მონაწილეებს 38 ათას ლარს გადაუხდის. თანხას ოთხი შემსრულებელი გაიყოფს. ხინჩეგაშვილის უწყებამ კოლოსალური თანხის დახარჯვის გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ტენდერი მომღერლების შესარჩევად არ გამოუცხადებიათ.
ხელშეკრულებების გაფორმება კულტურის სააგენტოს დაევალა. არსებული ცნობებით, 31 დეკემბრის ღამეს ადგილობრივი მოსახლეობის განწყობაზე საახალწლო ნაძვის ხესთან იოსებ დარბაიძე, ემზარ იორამაშვილი, ვანო მურადელი და მაია ბიძინაშვილი იზრუნებენ.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება გორის მერს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ხინჩეგაშვილმა პრიორიტეტები არასწორად გაანაწილა. მათი თქმით, იმ ფონზე, როცა სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის მერია სულ უფრო ცოტას ხარჯავს, ამხელა თანხის საახალწლო კონცერტში დახარჯვა არამართებულია.
გორის მერიამ ამ საახალწლოდ კოლოსალური თანხები გაითვალისწინა საახალწლო განათებებზე, ასევე დასკვნით ღოსნიძიებაზე და გორის მერს, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია არც თავისი თანამშრომლები. ისედაც, გორის მერიის ბიუჯეტის 90% ხელფასებზე იხარჯება, რაღა საჭიროა, ჯილდოების და წახალისების მიზნით მათ კიდევ დაუწესოს ამატებით ფულადი საჩუქარი, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ოჯახებში ანძვის ხეც კი არ იდგმება. 300 ოჯახზე რომ გასცა მხოლოდ სასაჩუქრე პაკეტი, გადაენააწილებინა ეს თანხა, რაც ღონისძიებებში და ტაშ-ფანდურში დახარჯა და უფრო მეტი ოჯახი გაეხარებინა საახალწლოდ, - ამბობს "მოზაიკას" ჟურნალისტი ანა ჯიოშვილი.