მადლობა ორბანს მტკიცე მხარდაჭერისთვის - ოპოზიციის კითხვები და ვიცე-პრემიერის გზავნილები პარლამენტიდან
მადლობა უნგრეთის პრემიერს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომიდან რამდენჯერმე გადაუხადა. ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოს უნგრეთის პრემიერის სახით ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჰყავდა.
როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირზე, ბატონ ორბანს, მე ვფიქრობ, მადლობა უნდა გადავუხადოთ მტკიცე მხარდაჭერისთვის. ყველაზე მეტად მხარდამჭერი საქართველოს ჰყავდა უნგრეთის სახით. ვფიქრობ, რომ ბატონი ვიქტორ ორბანის ასეთი მოხსენიება ამ კონტექსტში ასეთი განსაკუთრებით, ქილიკით მიუღებელი და უპასუხისმგებლობა,“ - ამბობს დავითაშვილი.
"ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ მინისტრს შეახსენა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს მოსახლეობას მისცეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. დეკანოიძემ მინისტრს მოსთხოვა პასუხი გაეცა კითხვაზე, რატომ არ აიცილა ხელისუფლებამ პუტინთან ერთად ჩინეთში გამართულ ფორუმზე მონაწილეობისგან.
ქართველ ხალხს მისცეს ეს კანდიდატის სტატუსი და ქართველი ხალხი არ დატოვეს მარტო რუსეთთან. იყო თუ არა შესაძლებელი, რომ მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებას, თქვენს დელეგაციას, პუტინთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებაზე უარი ეთქვა ზუსტად იმ პირობით და იმ მიზეზით, რა მიზეზიც წესით სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩოში, რომელიც თქვენ გააფორმეთ ჩინეთთან, წესით უნდა იყოს, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
მინისტრს ოპოზიციამ შეახსენა, რომ უნგრეთის პრემიერის წინააღმდეგ ევროკავშირში დაიწყეს პროცედურები, რომ მას ხმის მიცემის უფლება ჩამოართვან.
თქვენ ალბათ, გეცოდინებათ, რომ გუშინ დაიწყო პროცედურა, უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის შეჩერების თაობაზე, რომელიც მიმართულია ორბანის პრორუსული პოლიტიკის შესაზღუდად. უნგრეთზე უკეთესი მეგობარი თუ არ ჰყავთ ევროპაში, სამარცხვინოა,“ - მიმართა გოცირიძემ მინისტრს.
მინისტრმა კრიტიკის პასუხად კვლავ ოპოზიცია დაადანაშაულა, მათ შორის ოკუპაციასთან დაკავშირებით.
ოპოზიცია ცდილობს, რომ აიცილოს პასუხისმგებლობა ოკუპაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თავიდან აცილებას ფორუმში მონაწილეობაზე, ეს იყო იმ ურთიერთობიდან გამომდინარე შეუძლებელი, რაც ჩვენ ჩინეთთან გვაქვს, არანაირი რევერანსი არ გვქონია ოკუპანტის მიმართ,“ - თქვა მინისტრმა.