უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები ₾1.5 მილიონით, სულ ₾18 მილიონამდე გაიზარდა - "ფლანგვის დეტექტორი"
უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები ₾1.5 მილიონით, სულ ₾18 მილიონამდე გაიზარდა - ამ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, სამუშაოები "ქართული ოცნების" დონორების კომპანიამ - შპს "ჯეუ გრუპმა" - შეასრულა.
როგორც "ფლანგვის დეტექტორში" ამბობენ, უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიამ ტენდერი 2023 წლის 12 აპრილს გამოაცხადა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17,221,286 მილიონი ლარი იყო.
ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს ჯეუ გრუპმა გამოთქვა, რომელმაც შეთავაზებული 16 529 440 ლარით აღნიშნულ ტენდერში გაიმარჯვა კიდეც.
2023 წლის 11 აგვისტოს ცვლილებით ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 1,490,861 ლარით გაიზარდა და 18,020,301 ლარი გახდა. ცვლილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ავტოტრანსპორტის გადაადგილების პროექტი დასახელდა. პროექტით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშოები შესაბამისობაში არ მოდიოდა ქუჩის რეაბილიტაციის თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვასთან. ამის შემდეგ, 2023 წლის 28 ნოემბერს, ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. სამუშაოების მოცულობა დაზუსტდა და ის საბოლოოდ ჯამში 407 ლარითა და 88 თეთრით შემცირდა. შესაბამისად, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 18,019,893 ლარი გახდა", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.