დიახ, მე გეუბნებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია - ლევან დავითაშვილი

18.12.23 14:23
დიახ, მე გეუბნებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი აღიარებს, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია. ამის შესახებ მან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ამასთან, ვიცე-პრემიერი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაუთმია. 

ეს არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის, მათ შორის, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. საქართველო ამ ფორუმში მონაწილეობდა ფიზიკურად ყოველ ჯერზე ფორუმის არსებობის დღიდან და ამ ფორუმში მონაწილეობდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაც თითქმის ყოველთვის. ახლა თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით, საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის.

როგორც მოგახსენეთ, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია. თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე – დიახ, მე გეუბნებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, იმისთვის რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად და ამას ცალსახად ვამბობ, – განაცხადა მინისტრმა.

ვიცე პრემიერი ჩიე~ნეთში გამართულ ფორუმთან დაკავშირებითაც საუბრობს, სადაც ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფებოდა და მასტან ერთად ივახშმა კიდეც. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ფორუმზე ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა.

ჩვენი დასწრება იყო პატივისცემა ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ და ეს იყო პირდაპირ პრეზიდენტ სი ძინპინის პირადი მოწვევა. ფორუმზე და მათ შორის, კომისიის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა იყო უმაღლეს დონეზე მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ და ჩვენი მხრიდან ამ მოწვევის იგნორირება იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ჩინეთთან იგივე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით, – აღნიშნა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 17-18 ოქტომბერს  ჩინეთში გამართულ ფორუმს პუტინთან ერთად საქართველოს ვიცე-პრემიერიც დაესწრო. ლევან დავითაშვილმა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის სიტყვით გამოსვლა მოისმინა და მასთან ერთადაც ივახშმა.  

მსგავსი სიახლეები