ხუდონჰესი და ნენსკრაჰესი - რა გეგმა აქვს მთავრობას

18.12.23 16:41
ხუდონჰესი და ნენსკრაჰესი - რა გეგმა აქვს მთავრობას

ხუდონჰესი და ნენსკრაჰესი - ამ ორ პროექტთან დაკავშირებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. პრემიერის თქმით, მთავრობას განზრახული აქვს, ხუდონჰესის მშენებლობა თავად დაიწყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილი არის ნენსკრაჰესის მიმართულების განვითარებაზე მუშაობა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახლა მთავრობა მუშაობს ჰიდროსადგურის განვითარებაზე, და მათ შორის იქნება ხუდონჰესი. პრემიერის თქმით, ენგურჰესის შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს ენერგეტიკის დარგისთვის. 

„ვმუშაობთ ახლა დიდი სიმძლავრის ოთხი ჰიდროსადგურის განვითარებაზე, მათ შორს, ეს იქნება ხუდონჰესის პროექტი ოღონდ, ეს იქნება შეცვლილი ისე, რომ აღარ დაიტბორება არც სოფელი და არც ტაძარი და ძალიან მინიმალური ეფექტი ექნება გარემოზე. ზოგადად რეგიონზე - პირიქით, ეს იქნება ერთ-ერთი სანიმუშო პროექტი. ენგურჰესის შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის დარგისთვის. მოგეხსენებათ, 2012 წელს გასხვისებული დაგვხვდა ხუდონჰესის პროექტი და ჩვენ მოვახდინეთ გამოსყიდვა და სახელმწიფოს განზრახული აქვს, რომ თავად დაიწყოს მშენებლობა ამ დიდი, ეროვნული მნიშვნელობის ჰესის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღემდე ცნობილი ხუდონჰესის პროექტი მოიცავს მდინარე ენგურის ზედა ნაწილში, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლიდან 34 კმ დაშორებით, თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის, წყალსაგდებების, წყალმიმღებებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას.

ხუდონჰესის მშენებლობის გამო ადგილობრივ მცხოვრებლებს პროტესტი არაერთხელ გამოუხატავთ. სოფელ ხაიშის მოსახლეობა ხუდონჰესის მშენებლობას აღიქვამს, როგორც გეოგრაფიული ასევე კულტურული ერთეულის განადგურების საშიშროებად.

მსგავსი სიახლეები