რატომ არ აუშვეს სცენაზე პრეზიდენტი - EU-ს ელჩის სიტყვაში ზურაბიშვილის ხსენება კობახიძემ დიპლომატიური პროტოკოლით ახსნა

18.12.23 17:17
რატომ არ აუშვეს სცენაზე პრეზიდენტი -  EU-ს ელჩის სიტყვაში ზურაბიშვილის ხსენება კობახიძემ დიპლომატიური პროტოკოლით ახსნა

რატომ არ აუშვეს სცენაზე სალომე ზურაბიშვილი და რატომ არ ახსენა ოცნების არცერთმა ლიდერმა გამოსვლის დროს პრეზიდენტის  წვლილი -  ირაკლი კობახიძე ყველაფერს ზურაბიშვილს აბრალებს - პრეზიდენტს  საზოგადოების უპატივცემლობაში ადანაშაულებენ, რადგან საზეიმოო ღონისძიება დროზე ადრე დატოვა. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მათთვის უხერხული კიდევ ერთი მომენტის ახსნასაც შეეცადა. ევროკავშირის ელჩის სიტყვაში პრეზიდენტის ხსენება კობახიძემ დიპლომატიური პროტოკოლით ახსნა.

რაც შეეხება ელჩის მისალმებას, ეს არის პროტოკოლური ასპექტი. ბუნებრივია, ნებისმიერ ელჩს ევალება, რომ დაიცვას ის პროტოკოლური თანმიმდევრობა, რომელიც ზოგადად მოქმედებს ქვეყანაში, ის ფორმალური რანგირება, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, აქ სასპეკულაციო არაფერია და აბსოლუტურად გასაგებია,რატომაც დაიწყო ევროკავშირის ელჩმა მისალმება სწორედ ასეთი ფორმით. რაც შეეხება იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი დაცვით გარშემორტყმული იდგა სცენის წინ და შემდეგ მოუწია დროზე ადრე იმ ტერიტორიის დატოვება, ეს მეტყველებს, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ერთხელ ვერ ვათქმევინეთ მას ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ადამიანს, რა თქმა უნდა, არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი იმ დღეს თავისუფლების მოედანზე“, - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები