"ფოტო გრაფიკოსს გაეპარა" - ბათუმის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა პრესსამსახურმა აიღო

19.12.23 13:06
"ფოტო გრაფიკოსს გაეპარა" - ბათუმის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა პრესსამსახურმა აიღო

"ფოტო გრაფიკოსს გაეპარა" - ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ბათუმის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

თეკლა ჩიჩუა ამბობს, რომ სლაიდზე რუსეთის რუკის შეტანა, მისი და გრაფიკოსის შეცდომა იყო.

შინაარსობრივ ნაწილზე მე ვიმუშავე. ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც 10 წელზე მეტი იცხოვრა ევროპაში, შვილები გავზარდე ევროპაში და განათლებაც ევროპაში მივიღე, ვიზიარებ ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებს. დამსწრე საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი”, - თქვა თეკლა ჩიჩუამ.

თავად ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი კი ამბობს, რომ კომენტარს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

საკრებულოში მომხდარ ფაქტს ოპოზიციის პროტექსტი უკვე მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა  სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.  „ქართულმა ოცნებამ“ „მორიგი სპექტაკლი დადგა და საზოგადოებას კანდიდატის სტატუსი რუსეთის რუკით მიულოცა“ - აცხადებენ ისინი. 

„ბათუმის მერი რუსეთის რუკით გვილოცავს კანდიდატის სტატუსს, ამით კორუფციის გადაფარვას ცდილობს. გაკვირვებული ვარ, ვერ წარმომედგინა. მოვუწოდებ მეგობრებს, არ დარჩნენ სხდომაზე. ეს მილოცვა დადგმული სპექტაკლია”,- თქვა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნოდარ დუმბაძემ.

ბათუმის მერმა საქართველოს სტატუსის მიღება რუსული რუკით მიულოცა - მაშინ როცა არჩილ ჩიქოვანი ბათუმის საკრებულოში სიტყვით გამოდიოდა, ეკრანზე გამოჩნდა რუსეთის რუკა, რომელსაც ევროკავშირის დროშა გადაადეს.