"არ მოინდომებს კობახიძის ჯგუფთან იყოს ასოცირებული" - ივანიშვილი ახალი გუნდით დაბრუნდება?!

19.12.23 13:30
"არ მოინდომებს კობახიძის ჯგუფთან იყოს ასოცირებული" - ივანიშვილი ახალი გუნდით დაბრუნდება?!

ბიძინა ივანიშვილი კობახიძე, მათიკაშვილი, მდინარაძის გვერდით არ დადგება - ეკა ბესელია თვლის, რომ თუ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებას გადაწყვეტს, მის გუნდში სხვა ადამიანები იქნებიან. 

ბესელია, რომელმაც "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილთან ერთად დააფუძნა, "პირველებს" ეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილი სხვა რეალობის შექმნას შეეცდება. 

"ივანიშვილი არ მოინდომებს კობახიძის ჯგუფთან იყოს ასოცირებული. ახლა, ბიძინა ივანიშვილს ვინმემ რომ კითხოს, ეს ჯგუფი, რომელიც დღეს საუბრობს "ქართული ოცნების" სახელით კობახიძე, მათიკაშვილი, მდინარაძე და სხვები, ეს არის თუ არა მისი გუნდი, იტყვის რომ არ არის. ბიძინა ივანიშვილი რამდენადაც პრაგმატული და ძალიან კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიმღები პირია, თუ გამოჩნდება მომავალში (ამ ეტაპზე არ გამოჩნდება) მოინდომებს, სხვა რეალობა წარმოაჩინოს, სხვა გუნდი შეიძლება იყოს მისი მოკავშირე და ალბათ განსხვავებული კონფიგურაციით და არა ეს გუნდი, რომელზედაც აუცილებლად იტყვის, რომ ის რაც ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არ იყო ივანიშვილის ხელწერა და ეს იყო "ქართული ოცნების" ამ წარმომადგენლების მიერ დაშვებული ფატალური შეცდომები"- თქვა ბესელიამ. 

ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეს  დაუბრუნდა. ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ ქართველი ოლიგარქი  რუსთველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის იუბილეზე მივიდა. 

ოლიგარქის გამოჩენას  წინ „ქართული ოცნების“ მხრიდან  მისი ქების კამპანია უძღოდა. დღისით ღარიბაშვილმა ქვეყნის  ყველა მიღწევა მათ შორის კანდიდატის  სტატუსი  ივანიშვილის დამსახურებად მონათლა, დღის ბოლოს კი ოლიგარქი გამოჩნდა. 

ბიძინა ივანიშვილმა თეატრი მეუღლესთან ერთად კომენტარის გარეშე დატოვა.