ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო ვენეციის კომისიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო ვენეციის კომისიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. საერთაშორისო სამართლის ექსპერტების სკანდალური დასკვნა ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო უფუნქციოა, საბჭოს წევრები კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, რაც მათ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პრემიერმა ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული საბჭო ევოკომიის მოთხოვნით შექმნა, თუმცა ფორმალურად, რადგან ამ საბჭოს ხელმძღვანელიც თავად წარადგინა და კაბინეტიც საკუთარ ადმინისტრაციაში დაუთმო, რასაც კომისია პრობლემად მიიჩნევს.
ვენეციის კომისია აცხადებს, რომ „სხვადასხვა პრევენციული ანტიკორუფციული ფუნქციების ბიუროში გაერთიანება არ შეესაბამება გაცხადებულ მიზანს, რომელიც მაღალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლას გულისხმობს“.
საერთაშორისო სამართლის ექსპერტები პრობლემურად მიიჩნევენ ანტიკორუფციული ბიუროს დაფინანსების წყაროებს და ფიქრობს, რომ ბიუჯეტში უნდა იყოს გარანტირებული დაფინანსება.
კომისიის განმარტებით, არავის უნდა ჰქონდეს უფლება წლიდან წლამდე შეამციროს ანტიკორუფციული ბიუროს დაფინანსება მის ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე.
ვენეციის კომისიამ დაიწუნა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევის კრიტერიუმებიც, რადგან კომისიის წევრების უმრავლესობა ან ინიშნება ამ უმრავლესობის მიერ, ან კომისიის შემადგენლობა არის არასაკმარისად პლურალისტური, იმის გათვალისწინებითაც, რომ კანდიდატის საბოლოო არჩევა პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს.
მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ „დამოუკიდებლობა სტრუქტურული და ოპერატიული ავტონომიის სათანადო დონით, რომელიც მოიცავს სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებს პოლიტიკური ან სხვა გავლენის თავიდან ასაცილებლად, სპეციალიზებული ანტიკორუფციული ორგანოებისთვის ფუნდამენტურ მოთხოვნად განიხილება“.
დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა, რომ:
კანონი შეიცვალოს და ბიუროს ხელმძღვანელის დასანიშნად მრავალპარტიული მხარდაჭერა გახდეს საჭირო, და მისი დანიშვნა მოხდეს ან პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით, ან შესაბამისი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმით (რაც მოითხოვს ჩვეულებრივ უმრავლესობას) ან შესაბამისი ალტერნატივით, რომელიც ასახავს ფართო, მრავალპარტიულ შეთანხმებას პარლამენტში (მაგალითად, ორმაგი უმრავლესობით, რომელიც ითვალისწინებს უმრავლესობას პარლამენტარებს შორის, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან), და ასევე – იმის გათვალისწინებით, რომ ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე – ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღოს პარლამენტმა და არა პრემიერ-მინისტრმა;
კანონში შევიდეს შემდგომი ცვლილებები თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით, რითიც შეიზღუდება გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეცია, კერძოდ, „მოვალეობის შეუსრულებლობის“ საფუძველი ფიზიკური ან გონებრივი ქმედუუნარობის ჩვეულებრივი შემთხვევებით შემოიფარგლოს და დაზუსტდეს დებულებები ნასამართლობის, ნარკოტიკების მოხმარებისა და შეუთავსებლობის შესახებ.
გარდა ამისა, რეკომენდებულია 2022 წლის ნოემბრის დებულებების ზოგიერთი სხვა ელემენტის გადახედვა, კერძოდ:
განხილულ იქნას ბიუროს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეებისთვის ფუნქციური იმუნიტეტის უზრუნველყოფა;
ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობის მიმართ პროფესიული მოთხოვნების ამაღლება;
თანამდებობის პირების სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ დებულებების დაზუსტება ან/და საერთოდ ამოღება კანონიდან; ამასთან, კანონიდან უნდა წაიშალოს ნარკოტესტის შედეგების გამოქვეყნების მოთხოვნა და უზრუნველყოფილი უნდა იქნას მკაფიო სამართლებრივი საფუძველი თავად ბიუროს ხელმძღვანელის ტესტირებისთვის;
მიღებულ იქნას ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბიურომ განახორციელოს ქონების დეკლარაციების არსებითი შემოწმება და დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის გარდა, გამოიყენოს რისკებზე დაფუძნებული მიდგომა, რათა უზრუნველყოს ყველაზე შესაფერისი დეკლარაციების შეფასება თანამდებობის პირების კანონიერ შემოსავლებთან მიმართებაში, გამოავლინოს დაუსაბუთებელი სიმდიდრის შემთხვევები ან ინტერესთა პოტენციური კონფლიქტი;
კანონში მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამის დებულებებზე ზუსტი და მკაფიო მინიშნებები შეიტანოს;
განსაზღვროს უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს როლი უფრო მეტი სიცხადით და სიზუსტით, რათა არ მოხდეს ბიუროს ფუნქციების დუბლირება და მოიხსნას ბიუროს ანგარიშვალდებულება უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე; ამასთან ბიუროს უფლებამოსილება უნდა მიეცეს, რომ საკუთარი მრჩეველთა საბჭო შექმნას.