როგორ ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა და სოციალურად დაუცველების დასაქმება გამოგონილ პოზიციებზე? - სქემა გაშიფრულია
სქემა გაშიფრულია - "ტვ პირველის" მიერ მოპოვებული დოკუმენტით და მხოლოდ მესტიიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, დგინდება როგორ ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა და როგორ ასაქმებს ხელისუფლება სოციალურად დაუცველებს გამოგონილ პოზიციებზე. 170 აუზის მომვლელი, 247 მეეზოვე და 143 სტადიონის დამლაგებელი მესტიაშია დასაქმებული და ყველა, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელია.
ყველა დასაქმებული სოციალურად დაუცველია და დახმარებასთან ერთად ხელფასსაც იღებს.
ოპოზიციის თქმით, როდესაც ხელისუფლება მხადამჭერების გულის მოგებას ასე ცდილობს, ამ დროს ათასობით ადამიანი შიმშილის ზღავრზეა.
"ქართული ოცნება" ჩვენს მიერ გადახდილი ფულით ქმნის საჯარო დაწესებულებებში სხვადასხვა ტიპის პოზიციებს, რომელსაც იყენებს ჩვენი მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილთან ვაჭრობისათვის და ვხედავთ, რომ საბოლოოდ სიღარიბის დაძლევის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ სისტემა, სადაც ამ ხელისუფლებამ შექმნა ხაფანგები ჩვენი საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ნაწილისთვის. ეს ხაფანგები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საარჩევნოდ მათთვის მოხდეს ხმების მობილიზება. განსაკუთრებით ასეთი შემთხვევა გვხდება მუნიციპალიტეტებში, სადაც კომიკურ ფორმას იღებს ის პოზიციები და რაოდენობა იმ შტატებისა, სადაც ჰყავთ სხვადასხვა ადამიანები დასაქმებული", - ამბობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე.
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, სოციალურად დაუცველი ადამიანების სეგმენტი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია საარჩევნოდ, რადგან მათ ეშინიათ, ხელისუფლებამ დახმარება არ მოუხსნას.
ეს ადამიანები შესაძლოა მოწყვლადი იყვნენ საარჩევნო პერიოდშიც, როდესაც ხდება კიდევ უფრო მეტი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების ინიცირება. ჩვენს წარმომადგენლებს რეგიონებში რამდენიმე ადამიანმა უთხრა, რომ იცით რა, გვეშინია მაგალითად სოციალური დახმარება არ მოგვიხსნან და საარჩევნო პროცესში გადაწყვეტილების მიღების დროს ამას ჰქონია ხოლმე მათთვის გავლენა. ზღვარი ბუნდოვანია მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის და სწორედ ეს არის პრობლემა. ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას", - ამბობს ნინო დოლიძე.