"სხვა გუნდით გამორიცხულია" - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი დაბრუნების შემთხვევაში "ოცნებასთან" იქნება
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში რომ "ქართული ოცნების" გუნდთან იქნება და არა სხვა რომელიმე პარტიასთან, ამას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. ამის არგუმენტად შალვა პაპუაშვილს ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნების წინა ორი მაგალითი მოჰყავს.
თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია ამომრჩევლის ნაკლებობას და რეიტინგის სიმცირეს არ უჩივის.
შალვა პაპუაშვილი რეიტინგებზე საუბრისას ოპოზიციის მიმართ ირონიულ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტები უნდა ეცადონ, რომ "პარლამენტის გარეთ არ დარჩნენ საერთოდ".
რა თქმა უნდა, სხვა გუნდით გამორიცხულია, ვინაიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი გუნდია, პოლიტიკური ორგანიზაცია არის. მათ შორის, ის, როდესაც დაბრუნდა წინა ჯერზე პოლიტიკაში, სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ეს კითხვა ეკუთვნის მას - მისი გადასაწყვეტი არის მას უნდა იყოს პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა. ეს მისი გადასაწყვეტია, რას გააკეთებს და რომელ სფეროში იქნება.
„ქართულ ოცნებას“ ხედავთ, რომ მიაღწია ყველა ამ წარმატებას, "ქართული ოცნების" ამ გუნდმა ამ ქვეყანას მოუტანა ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ თქვას ვინმემ, რომ ამ გუნდს გამარჯვების შანსები არ აქვს დიდი, არათუ დიდი არ აქვს, იმაზე იზრუნოს ოპოზიციამ, რომ რაიმენაირად პარლამენტის გარეთ არ დარჩნენ საერთოდ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.