სიმართლის დამტკიცება "ოცნების" დამსახურებაა - რატი ბრეგაძე სტრასბურგზე

19.12.23 17:35
სიმართლის დამტკიცება "ოცნების" დამსახურებაა - რატი ბრეგაძე სტრასბურგზე

სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულიყო სიმართლე -  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

საუბარია სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გარდაცვლილის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

რატი ბრეგაძემ დღეს თქვა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალიან დიდი დამსახურებაა იმ ადამიანების, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ (ვგულისხმობ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს - ბრეგაძე). 

საქართველომ მოიგო ყველა სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, ამავდროულად, სულ ცოტა ხნის წინ განახლდა წარმოება ე.წ. მცოცავი ოკუპაციის საქმეზე. დღეს, სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ოთხოზორიას საქმეზე, რომლის თანახმადაც, სიცოცხლის უფლების დარღვევა დადგინდა და პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსეთს, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის გარემოება, რაზეც სასამართლო საუბრობდა წინა გადაწყვეტილებებში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი დამსახურებაა იმ ადამიანების, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე, კერძოდ, ვგულისხმობ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს. ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას, მტკიცებულებების მოძიების საქმეში.

კონკრეტულად ამ საქმეში, სახელმწიფო ჩართული იყო, როგორც მესამე მხარე და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში. ეს გადაწყვეტილება და წარმატებაც განპირობებულია წინა საქმეებით, რომელიც საქართველომ მოიგო“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.